სამართალდამცველებმა შოთა იამანიძის ბებია 8 საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ქართული პარტიის" პრესსამსახური იუწყება.
"ქართული პარტიის" ინფორმაციით, დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს 75 წლის ნინო მომცემლიძე, რომელიც სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, შოთა იამანიძის მეუღლე და 17 მაისს დაკავებული „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, შოთიკო იამანიძის ბებიაა.
"დღეს, დილის 11 საათზე კი, ნინო მომცემლიძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლთან დააკავეს და პოლიციის ვაკის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც 8 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული", - იტყობინება პრესსამსახური.
"მის მიმართ სადამსჯელო ზომების გატარება სამართალდამცავებმა ჯერ კიდევ შოთიკო იამანიძის სასამართლო პროცესის დროს დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნინო მომცემლიძეს, ლოცვის კითხვის დროს, მანდატურებმა სასამართლო დარბაზი იძულებით დაატოვებინეს",-აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.
"ხელისუფლების თავხედობა და ცინიზმი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. სააკაშვილის რეჟიმის ქმედებებმა პათოლოგიური სახე მიიღო. მმართველმა ძალამ ხანდაზმული ადამიანების მიმართაც დაიწყო ტერორი", - აცხადებენ "ქართულ პარტიაში"