2007-2008 წლებში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, რომელმაც ერთხელ გაიარა სარეზერვო შეკრება, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დამტკიცდა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირს, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი არ აქვს, მაგრამ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის პერიოდში ერთხელ მაინც გაიარა სამხედრო სარეზერვო შეკრება 2007-2008 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
შესაბამისად, პირებს რომლებიც ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება და რეზერვში ჩაირიცხებიან.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ერთჯერადად სავალდებულოა, ხოლო თუ აღნიშნული პირები საკუთარი სურვილით გაივლიან სარეზერვო სამსახურს დამატებით კიდევ ორი ვადით, მათ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხებიან ინდივიდუალურ რეზერვში.