კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ყვარლის რაიონის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის დირექტორს დარეჯან კანანაძეს, ამავე სკოლის ყოფილი მასწავლებლები კორუფციაში ადანაშაულებენ. ყოფილი პედაგოგების თქმით, დირექტორმა სკოლაში ნათესავები დაასაქმა, იღებდა მასწავლებლის ხელფასს, მაშინ, როცა გაკვეთილები არ ჩაუტარებია, სკოლაში გაფორმებული ჰყავს ბავშვები, რომლებიც სინამდვილეში არ სწავლობენ, მაგრამ სკოლას ვაუჩერები ერიცხება.
„დარეჯან კანანაძეს დირექტორობის ხელფასი აქვს 600 ლარი. გარდა ამისა, მას დირექტორობის გარდა ტარიფიკაციაში უწერია 4 საათი, რაზედაც იღებდა ანაზღაურებას 73 ლარს. სინამდვილეში, არცერთი გაკვეთილი არ აქვს ჩატარებული. გაკვეთილები არც სასწავლო ცხრილში იყო შეტანილი. ხელფასს იწერდა უკანონოდ. გარდა ამისა, სკოლაში მოიყვანა თავისი ნათესავები, შექმნა შტატები და დაასაქმა ისინი, მათ შორის მასწავლებლად ისეთი ადამიანი, რომელმაც ერთ ბავშვს ყური აახია, მეორეს კი ისე ცემა, რომ ტვინის შერყევა მიაღებინა. ჩვენ, კვალიფიციური მასწავლებლები სკოლიდან გაგვყარა და თავისი ახლობლები რომ დაესაქმებინა, კალიგრაფიის მასწავლებლის შტატიც კი შემოიღო. ჟურნალში ჩაწერილი ჰყავს მოსწავლეები, რომლებიც სინამდვილეში სკოლაში არ სწავლობენ, მაგრამ მათ სახელზე ვაუჩერები ირიცხება და სკოლის დირექტორი ითვისებს",- აღნიშნეს ყოფილმა მასწავლებლებმა.
სკოლის დირექტორი ბრალდებებს უარყოფს. როგორც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ყოფილმა მასწავლებლებმა საჩივრით განათლების სამინისტროს გენინსპექციას და გურჯაანის პროკურატურასაც მიმართეს, საიდანაც მას შენიშვნა არ მიუღია.
გურჯაანის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შილდის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია საბუღალტრო ექსპერტიზა.