19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის შოთიკო იამანიძის სასამართლო პროცესის დროს ინციდენტი მოხდა.
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის დარბაზში შესვლის დროს „სამოქალაქო ფრონტის" ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი ფეხზე არ წამოდგა, რის გამოც მოსამართლემ უბრძანა მანდატურის სამსახურს, ჯაბა ჯიშკარიანი დარბაზიდან გაეძევებინა. ჯიშკარიანის განმარტებით, ის სააკაშვილ-მერაბიშვილის ტენდემის მიერ მართულ, მიკერძოებულ სასამართლოს პატივს არ სცემს და ფეხზეც ამიტომ არ ადგა..
ამ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, სასამართლო დარბაზში მყოფი შოთიკო იამანიძის ბებია ნინო მომცემლიძე, რომელიც ლოცვებს კითხულობდა, მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. ეს ბრძანება მანდატურის სამსახურმა უხეში ფორმით აღასრულა, ხანდაზმულ ქალაბატონს უზრდელად და უხეშად მოეპყრნენ. ამას დარბაზში მყოფი მოქალაქეების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, რომლებიც მოსამართლემ ასევე გააძევა სხდომათა დარბაზიდან.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მანდატურის სამსახური შეეცადა, შოთიკო იამანიძის მამის, დავით იამანიძის დაკავებას, რომელიც საკუთარი დედის, ნინო მომცემლიძის დაცვას ცდილობდა მანდატური სამსახურის ძალადობისგან. თუმცა, მისი დაკავება ვერ მოახერხა.