ხელისუფლება დღემდე განაგრძობს იმ ადამიანების მიმართ რეპრესიების გატარებას, ვინც „ქართულ პარტიას" 14 მაისს ბათუმში საპროტესტო აქციის ორგანიზებულად ჩატარებაში დაეხმარა და აქციის მონაწილეებს ტრანსპორტით მოემსახურა.
16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებსა და მძღოლებზე ზეწოლის არაერთი ფაქტი დაასახელა.
დღევანდელი მდგომარეობით, სამართალდამცავებს საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი ჰყავთ: საჩხერის 5 მიკროავტობუსი, ჭიათურის 5 მიკროავტობუსი, სამტრედიის 4 მიკროავტობუსი, ქუთაისის 1 ავტობუსი, ფოთის 1 ავტობუსი, თერჯოლის 3 მიკროავტობუსი და ზესტაფონის 7 მიკროავტობუსი.
ეროსი კიწმარიშვილის თქმით, საჯარიმო სადგომზე ამ მანქანების გადაყვანის ფორმალური მიზეზი იყო , თითქოს, ისინი ძებნაში იყვნენ. ამ „მიზეზის" აბსურდულობასთან ერთად, „ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს იმაში, რომ ჭიათურასა და საჩხერეში ჩამორთმეული მანქანები პოლიციამ ქუთაისში არსებულ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა, მძღოლები კი ქუთაისის საპატრულო პოლიციაში დაიბარეს.
„დამნაშავე" მძღოლები სხვადასხვა ოდენობის თანხით (10-დან 200 ლარამდე) დაჯარიმდნენ.
ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მძღოლებისთვის სამართალდამცავებს 10-ლარიანი ჯარიმა უნდა გამოეწერათ, მაგრამ, ამის ნაცვლად, სატრანსპორტო საშუალებები საჯარიმო სადგომებზე გადაჰყავთ, რათა მანქანების მფლობელებს რაც შეიძლება მეტი თანხა გადაახდევინონ.
„ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი „ამაზრზენს და აღმაშფოთებელს" უწოდებს იმას, რომ პოლიციელებმა კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ჭიათურის ნავარძეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მამა ლაზარეს, რომელიც ქუთაისის საპატრულო პოლიციაში დღეს არის დაბარებული.