ბაქოს განათლების სამინისტროს შენობის წინ სკოლებში ჩადრების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩადრების თავისუფლად ტარებას მოითხოვდნენ და "ალაჰ აკბარს" სკანდირებდნენ. ისინი განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.
პოლიციამ აქციის მონაწილეები ხელკეტების დახმარებით დაშალა. თუმცა მომიტინგეებმა წასვლა არ ისურვეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. შედეგად, აქციის ერთმა მონაწილემ გონება დაკარგა, ხოლო ათობით ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ და დაიჭირეს. ამასთან, პოლიცია ჟურნალისტებს მომხდარის გადაღების უფლებას არ აძლევდა.
შეგახსენებთ, ეს ჩადრის ტარების მომხრეების პირველი აქციაა მას შემდეგ, რაც 2011 წლის იანვარში აზერბაიჯანის ისლამის პარტიის ლიდერი მოვსუმ სამედოვი დააკავეს.
აზერბაიჯანული კანონმდებლობა ჩადრის ტარებას არ კრძალავს. თუმცა არაოფიციალურად, გოგონებს საშუალო სკოლაში ჩადრის ტარება ეკრძალებათ. აზერბაიჯანულ სკოლებში ამის გამო კონფლიქტები ხშირად ხდება.