ბრიუსელში გამართულ ერთ-ერთ აუქციონზე ფლამანდიელი ოსტატის პიტერ პაულ რუბენსის ხელმოუწერელი ტილო, სახელწოდებით "ჰერკულესი", სულ რაღაც 9 500 ევროდ გაიყიდა.
სურათი გასაყიდად გაიტანეს, როგორც 17 საუკუნის უცნობი მხატვრის ნამუშევარი. თუმცა მყიდველმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ სურათი გენიალური მხატვრის ფუნჯს ეკუთვნოდა.
მოგვიანებით მყიდველმა მაასტრიხტის არტ-აუქციონზე ტილო გაცილებით მეტ ფასად, 856 ათას ევროდ ხელახლა გაყიდა.
ბრიუსელში გამართული ვაჭრობის ორგანიზატორთა განცხადებით, თავდაპირველ განაცხადში ტილო არ იყო დაფიქსირებული, როგორც რუბენსის ქმნილება. ამდენად, აუქციონის წესები არ დარღვეულა. ექსპერტის სიტყვებით, სურათის გაყიდვის დროს მისი ავთენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარადგენეს, რის გამოც ტილოს საწყისი ფასი ასეთი დაბალი იყო.
შეგახსენებთ, "ჰერკულესი" რუბენსის შემოქმედების ადრეულ პერიოდში, 1597-1599 წლებში შეიქმნა.