"რესპუბლიკური პარტია" "სახალხო კრების" მიერ 21 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რესპუბლიკელები" არ აპირებენ იმ ადამიანების გვერდით დადგნენ, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხს ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით "გაუმასპინძლდა".
"უკიდურესი ცინიზმია იმ ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადება შემოთავაზების შესახებ, რომლებიც თავის დროზე, როცა "რესპუბლიკური პარტია" ხალხის გვერდით იდგა, ტყვიებითა და მომწამვლელი გაზით გაგვიმასპინძლდა. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ იმ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის დროზე ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადებინა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრებამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 21 მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ განაცხადა.