5 მაისს, ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს სამინისროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე, უტიაშვილის განცხადებით, ქართული მხარის მიერ შეხვვედრაზე დასაყენებელი საკითხების შესახებ ქართული მხარე განცხადებას შეხვედრის წინ გააკეთებს.
"დვანში შეხვედრა გაიმართება. ხოლო ის თუ რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე, შეხვედრის დაწყების წინ გახდება ცნობილი", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა 8 აპრილს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოს სეპარატისტებს დაკავებულების გაცვლის პროცესის გაგრძელება შესთავაზა, რაზეც სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პროცესი მხოლოდ მას შემდედ შეიძლება გაგრძელდეს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ სასამართლო განხილვა დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ოს სეპარატისტთა ტყვეობაში ამჟამად საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება.
აღნიშნული შეხვედრები ადრე სოფელ ერგნეთში ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხე" გაიხსნა სეპარატისტებმა ამ შეხვედრებში მონაწილეონაზე უარი განაცხადეს და შეხვედრის ადგილის სოფელ დვანში გადატანა მოითხოვეს.