ხვალ, 4 მაისს, გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 27-ე შეხვედრა 20 მაისისათვის გადაიდო. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა.
"გალში ხვალ დაგეგმილი შეხვედრა 20 მაისისათვის გადაიდო", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 26-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 22 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის მერაბ ყოლბაიას ე. წ. გატაცების ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.
აფხაზური მხარე ირწმუნება, რომ ტერორისტი მერაბ ყოლბაია აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს ციხეები, სადაც აფხაზეთის ტერიტორიიდან გატაცებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონის მცხოვრებს, მერაბ ყოლბაიას, ზედმეტსახელად "კოჭოს", საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა ედება ბრალად. ქართული მხარე აცხადებს, რომ ვიდრე საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა, ქართული მხარე ყოლბაიას გადაცემას აფხაზური ან რუსული მხარისთვის არ აპირებს.