სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციურ პარტიის "სახალხო ერთიანობის ფორუმის" ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ეკლესიაში არსებული უთანხმოება ახლა არ წარმოქმნილა. მისი თქმით, კონფლიქტი დაკავშირებულია დაპირისპირებასთან, რომელიც აფხაზეთის სასულიერო პირების ახალი თაობისა და ეკლესიის ახლანდელ ხელმძღვანელობას შორის უკვე დიდი ხანია არსებობს.
ხაჯიმბას თქმით, ამას გარდა, ეს დაპირისპირება ასევე დაკავშირებულია "ეკონომიკურ ინტერესებთან და გარკვეული ძალების მოქმედებასთან რომლებიც თავიანთი დებულებით ცდილობენ სხვის მონასტერში შეძრომას ცდილობენ".
რაულ ხაჯიმბა ასევე აცხადებს, რომ თავდაპირველად აფხაზეთში "არ იყო წინააღმდეგობა" იღუმენ ეფრემ ვინოგრადოვის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი-ათონის მონასტერში რუსეთის საპატრიარქომ გამოაგზავნა.
"თუმცა, როდესაც ის ჩამოვიდა და რამდენიმე ღვთისმსახურთან ერთად და მოთხოვნები წამოაყენა, რომლებიც მონასტერში არსებულ ტრადიციას ეწინააღმდეგებოდა, მოხდა კონფლიქტი", _ აცხადებს ხაჯიმბა, თუმცა აღნიშნავს, რომ უკეთესი იქნებოდა ეს უთანხმოება ისე მოგვარებულიყო, რომ "მონასტრის კედლებს არ გასცდენოდა".
რაულ ხაჯიმბა ასევე ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ეკლესიას სრული უფლება აქვთ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, აღიარებენ მას ასეთად თუ არა.
"ბოლოს და ბოლოს საქართველოს ეკლესია, რომელიც თავისი კანონების მიხედვით აფხაზეთის ეკლესიას თავის ნაწილად მიიჩნევს, დიდი ხნის განმავლობაში ავტოკეფალური არ იყო. მხოლოდ მე-11 საუკუნეში მიაღწია მან თავის დამოუკიდებლობას", _ აცხადებს ხაჯიმბა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სასულიერო პირთა შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბესარიონ აპლიამ საკუთარი ნებითა და ყველასთან შეუთანხმებლად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის კურთხევით ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად რუსი ეროვნების სასულიერო პირი ეფრემ ვინოგრადოვი დანიშნა. მონასტრის საძმომ ამ ფაქტთან დაკავშირებით საერო-სასულიერო შეკრება გამართა და მონასტრის წინამძღვრად აფხაზი ეროვნების სასულიერო პირი ანდრეი ამპარი აირჩია.