"აზერბაიჯანს მხედველობიდან არ გამორჩება საქართველოსა და სომხეთის დაახლოება", - ეს განცხადება აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა მუბარიზ აჰმედოღლუმ "სალამნიუსთან" საუბარში გააკეთა.
"არამგონია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეების ბოლო დროს გახშირებულ ვიზიტებს სომხეთში. ამასთან ერთად, არც ის მგონია, რომ აზერბაიჯანს ყოველივე ეს მხედველობიდან გამორჩეს. ავღნიშნავ, რომ 25 აპრილს ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც აზერბაიჯანის არც პრემიერ-მინისტრმა და არც პრეზიდენტმა არ მიიღო. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ სერიოზული სიგნალია აზერბაიჯანის მხრიდან", _ აცხადებს აჰმედოღლუ.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს სწრაფვას, დაუახლოვდეს სომხეთს შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
"მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ახლა მთელი ძალით ცდილობს გამოასწოროს რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები, სწორედ მათთან მისასვლელ გზებს ეძებს იგი და ამისათვის სომხეთის შუამავლად გამოყენებას ცდილობს. ანუ იგი სოხეთის ოფიციალური პირების გამოყენებით, მოსკოვს სიგნალებს უგზავნის", _ აცხადებს მუბარიზ აჰმედოღლუ და აღნიშნავს, რომ ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, გაიმყაროს თავისი პოზიციები დასავლეთში, იგი ეძებს გზებს სომხური ლობისადმი, რომელიც საზღვარგარეთ არსებობს.
"სწორედ ამიტომაც მიმდინარე წელს საქართველოში ე.წ. სოხმების გენოციდი პრაქტიკულად იმავე დონეზე აღინიშნა, რა დონეზეც თავად სოხმეთში და ეს ფაქტია", _ აცხადებს ექსპერტი.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ "ქართველი ხალხი აზერბაიჯანისადმი ძალიან თბილადაა განწყობილი და იქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდაა", _ აცხადებს ის.
"ხოლო რაც შეეხება საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მოქმედებებს, მომავალშიც თუ ასე გაგრძელდა აზერბაიჯანი ამისაგან გარკვეულ დასკვნებს გამოიტანს", _ აცხადებს მუბარიზ აჰმედოღლუ.