საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სერგეი ლავრობის აფხაზეთსა და ცხინვალში ვიზიტის უკანონობად შეფასებას, მიესალმება.
"ჩვენ მოხარულნი ვართ შეერთებული შტატების პოზიციით და იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალში ასეთი ვიზიტების დაგმობას და იმის გაცხადებას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ვიზიტებს აქვს ადგილი", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ერთია, როცა აფხაზეთსა და ცხინვალში განხორციელებულ ვიზიტებს უკანონობად თავად საქართველოს მოქალაქეები აფასებენ და მეორეა, როცა მას ადექვატურ შეფასებას საერთაშორისო თანამეგობრობა აძლევს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო.