კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივი კონცერტის ბილეთის ფასი 380 ლარია და მისი რეალიზაცია დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში 15 მაისიდან დაიწყება. ბათუმში პიაცას მოედანზე, 2000 ადამიანი ეტევა და, შესაბამისად, "ისტერნპრომოუშენი" 2000 ბილეთის რეალიზაციას გეგმავს.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კომპანია "ისტერნპრომოუშენის" ხელმძღვანელმა კახა კანდელაკმა განაცხადა, რომ 3 ივლისს ბათუმში დაგეგმილი კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივი კონცერტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება.
თუმცა ვიდრე დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში ბილეთების რეალიზაცია დაიწყება, ტუროპერატორებმა სპეციალური ტურპაკეტების რეალიზაციაც დაიწყეს, რომელშიც სასტუმრო ნომრის გარდა კრის ბოტისა და სტინგის ერთობლივი კონცერტის ბილეთიც შედის. სავარაუდოა, რომ ბილეთების შეძენა დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში პრობლემატური იქნება, რადგანაც ტურისტულმა კომპანიებმა ბილეთების შეძენაზე წინასწარი განაცხადი უკვე გააკეთეს.
ტურისტული სააგენტო "კაპიტანი+"კლიენტებს 2 ან მეტი ღამით ბათუმსა და კვარიათში მდებარე სასტუმროებში ტურისტულ პაკეტს 370 ევროდან სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, ტურისტული პაკეტი მოიცავს: სასტუმროს ბათუმში ან კვარიათში საუზმით; ტრანსფერს სასტუმროდან პიაცაზე კონცერტზე დასასწრებად და კონცერტის ბილეთს.
დაახლოებით იგივე ფასი ღირს 5 დღიანი ტურპაკეტი ბულგარეთში, სადაც ტურისტული კომპანია "ელიტ ტური" მელომანებს სტინგის კონცერტზე დასწრების საშუალებას აძლევს.
"ელიტ ტურში" აცხადებენ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტინგის კონცერტი 7 ივნისსა დაგეგმილი და საქართველოს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, აღნიშნულ კონცერტს დაესწრონ.
კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ 5-დღიანი ტურის ღირებულება 365 ევროა, ხოლო 3 დღიანი ტურისა - 355 ევრო. აღნიშნულ ფასში სასტუმროს ღირებულების გარდა, სტინგის კონცერტის ბილეთის საფასური, ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა შედის.
შედარებისთვის, რუმინეთში დადგმილ სტინგის კონცერტზე ბილეთების ღირებულება 50 დოლარიდან 143 დოლარამდეა, ხოლო მოსკოვში 45 დოლარიდან 1000 დოლარამდე.
სტინგი, იგივე გორდონ მეთიუ ტომას სამნერი - ინგლისელი როკ-მუსიკოსი და მსახიობი, 1951 წლის 2 ოქტომბერს საპორტო ქალაქ ნიუკასლ-აფონ-ტაინში - ჩრდილო ამერიკის ინდუსტრიულ ცენტრში დაიბადა. მამა - ერნესტ მეთიუ სამნერი, წლების მანძილზე ადგილობრივ მანქანათმშენებელ კომპანიაში, მემონტაჟედ მუშაობდა. დედა - ოდრი კი - მედდად და თმის სპეციალისტად. მას, აგრეთვე, მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლება, ამიტომ შვილს ბუნებრივი მუსიკალური მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენია. დედას სურდა, შვილი საფორტეპიანო კლასს დაუფლებოდა. მაგრამ სტინგს ჯაზი და გიტარა მეტად იზიდავდა. 1976-84 წლებში სტინგი ჯგუფ „The Police"-ის ლიდერი გახდა. 1984 წლიდან კი ის სოლო-კარიერა დაიწყო.
1977 წელს სტიუარტ კოუპლენდმა, გიტარისტმა ენდი სამერსმა და სტინგმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი - „The Police". სადებიუტო სიმღერა - „Roxanne", თვალის დახამხამებაში გაჰიტდა. პარალელურად, სტუდიასთან „A&M" თანამშრომლობით, სასწრაფოდ გამოუშვეს პირველი ალბომი - „Outlandos D'Amour". ამას მოყვა ახალი ალბომების მთელი სერია: „Regata De Blanc, „Zenyatta Mondatta" და „Ghost in the Machine". ჯგუფმა პოპ-მუსიკის ისტორიაში ადგილის დამკვიდრება 1983 წელს გამოშვებული ალბომითა - „Synchronicity" და სინგლით - „Every Breath You Take" შეძლო. ტრიუმფალური მსოფლიო ტურნეს შემდეგ სტინგმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ჯგუფი. რადგან თვლიდა, რომ აქ მისი შესაძლებლობები ამოწურა.
სტინგის პლატინის სოლო-ალბომი „Dream of the Blue Turtles", ჯაზის ელემენტებს შეიცავდა. მომღერალი კომპოზიტორის ამპლუაში მოგვევლინა ალბომებში - „Soul Cages" და „Ten Summoner's Tales". 1987 წელს სტინგმა იმუშავა ალბომზე „Nothing Like The Sun" (სახელწოდება აღებულია შექსპირის სონეტიდან), რომელიც იმავე წელს მსოფლიოს ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა. 1991 წელს ავტობიოგრაფიული ალბომის „The Soul Cages" პრეზეტანცია გამართა. პარალელურად მუშაობდა „Ten Summoner's Tales"-ზე, რომელშიც შედიოდა ჰიტები: „If I Ever Lose My Faith In You" და „Fields Of Gold". სტინგი მოგვიანებით ბრაიან ადამსთან და როდ სტუარტთან ერთად სინგლს „All For Love" (საუნდტრეკი ფილმისთვის - „სამი მუშკეტერი") წერს. ალბომმა „Brand New Day" გრემის ორი პრემია მიიღო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ალბომი „All This Time" კი საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა.ამ ტრაგედიამ ღრმა გავლენა იქონია სტინგზე. სწორედ ამ ემოციებით იყო დატვირთული სიმღერა „Sacred Love", რომელიც 2003 წელს, პარიზში ჩაწერა. გრემის მორიგი ნომინაცია მიიღო სიმღერამ, ალბომიდან „Send Your Love". ფილმები მისი მონაწილეობით „Brimstone and Treacle" და „Quadrophenia", საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამჟამად სტინგი ლონდონთან ახლოს, ქალაქგარეთ მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას, მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ძაღლთან ერთად.