რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შინაარსობრივ ნაწილზე გადავიდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა და აქვე განმარტა, რომ კონკრეტული წინადადებების განხილვა მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის ფარგლებში დაიწყო.
"დეტალებზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ დაიწყო ძალიან სერიოზული წინადადებების განხილვა. მოლაპარაკებები გადავიდა შინაარსობრივ ნაწილზე", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მხარეებს შორის მიღწეულ პირველ პოზიტიურ შედეგად სწორედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ თბილისი და მოსკოვი შემდგომი რაუნდის გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის წინადადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები მარტში დაიწყო. მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი 28-29 აპრილს გაიმართა, შემდეგი შეხვედრა კი მაისის თვეში, ისევ ჟენევაშია დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები