გუდაურის განვითარების ფონდი ქალაქის ბიუჯეტიდან დაზოგილი 2 მლნ 500 ათასი ლარით დაფინანსდება, - ამ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს 35-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, თბილისის მერიის სსიპ "გუდაურის განვითარების ფონდისთვის" თანხები თბილისის მერიაში 2011 წლის ტენდერების ჩატარების შემდეგ მიღებული ეკონომიის შედეგად გამოიყო.
"თანხები მოძიებულია თბილისის ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე. არც ერთ პროგრამას_არც სოციალურს და არც ინფრასტრუქტურულს, არც ერთი თეთრი არ მოკლებია. ბუნებრივია, ფონდის შემდგომი საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გუდაურში ინფრასტრუქურული პროექტების განვითარებაზე, თბილისის მერიას კი ამ საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობთ, ეს წარმატებული პროექტი იქნება, რაც თბილისსა და გუდაურში ტურისტების ნაკადების მოზღვავებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს"- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა განმარტა, გარე განათების ქსელის ექსპლუატაციასა და რეაბილიტაციაზე დამტკიცებული 15 მლნ. ლარიდან ეკონომიამ 1 მლნ. ლარი შეადგინა. სანიაღვრე ქსელის მოვლა პატრონობისთვის გამოყოფილი 1 მლნ. 860 ათასი ლარიდან კი ეკონომიის სახით 160 ათასი ლარი დარჩა. სხვადასხვა კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 8 მლნ. 833 ლარიდან ეკონომიამ 1 მლნ. 300 ათასი ლარი შეადგინა. 40 ათასი ლარი კი სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციიდან გამოიყო.
შეგახსენებთ, გუდაურის განვითარების ფონდისთვის თბილისის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები არ ეთანხმებიან.
"ქრისტიან-დემოკრატ" ჯაბა სამუშიას თქმით, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მოაკლდეს ქალაქის ბიუჯეტს 2,5 მლნ ლარი, მაშინ, როდესაც თბილისში უამრავი პრობლემაა.
საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წევრი ვიქტორ დოლიძე კი მიიჩნევს, რომ ეს მორიგი კრიმინალია, რომელიც საბიუჯეტო პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.