ცხინვალის კრიმინალური რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიების მხარდამჭერმა განცხადებებმა შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აქციების პროვოცირებას შეუწყოს ხელი.
ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც მარიონეტული რეჟიმი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის განცხადებას გამოეხმაურა.
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი დასავლეთის მხრიდან მომავალი სიგნალები, ფაქტობრივად, უბიძგებს მას ახალი აგრესიებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ "სრულიად უსაფუძვლოდ" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა "დასანანი და გასაკვირია".
"უკვე დროა, დასავლეთმა გამოიტანოს დასკვნა შექმნილი რეალობებიდან, რომელიც 20 წლის წინ შეიქმნა და შეწყვიტოს საკუთარი თავის მოტყუება", - წერენ ოსი სეპარატისტები და აღნიშნავენ, რომ "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი არა აქვს".
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ამ განცხადების გამო "გაკვირვება" გამოხატეს აფხაზმა სეპარატისტებმაც.
შეგახსენებთ, რომ ქეთრინ ეშტონის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად ჩასვლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება.