სასტუმრო "რადისონის" საგამოფენო დარბაზში 7, 8, 9 და 10 მაისს ფოკანის სახელოსნოს ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ექსპოზიცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყობა და ფოკანის სახელოსნოების დაარსების 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოკანის სახელოსნოებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები, როგორც კერძო კოლექციებიდან და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებიდან, ასევე, ახალი ნაკეთობები - მინანქრით, მიკრომოზაიკითა და ძვირფასი თვლებით მორთული ნივთები და ხელით მოხატული ფაიფურის ჭურჭელი.
ფოკანის სახელოსნოების ნაკეთობებზე უძველესი ქართული ორნამენტისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშების სტილია დაცული.
გამოფენაზე წარმოდგენილი საეკლესიო ნაკეთობები ამჟამად ინახება სამების საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, უწმინდესისა და უნეტარესის საკუთრებაში, გეთსიმანიაში (მცხეთა), სამთავროს, ბოდბის, ფოკას მონასტრებში, ზარზმაში, მეუფე პეტრეს რეზიდენციაში.
შეგახსენებთ, ფოკანის სახელოსნოები 2001 წელს დაარსდა. ქართული ტიხრული მინანქრის კეთების უძველესი ტრადიციების აღდგენის მიზნით, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედის ძალისხმევით, მონასტერში ამ ტრადიციების აღდგენა დაიწყო.