პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ტყის ფონდიდან გრძელვადიანი სარგებლობისთვის ტყის გაცემის ვადების გაზრდა აზრს მოკლებულია. ამის შესახებ ბობოხიძემ კომიტეტის სხდომაზე "ტყის კოდექსის" განხილვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ტყის ფონდიდან 49-წლიანი სარგებლობით გაცემას მხარს ვერ დაუჭერს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ტყის ფონდის გრძელვადიანი სარგებლობით გაცემა ისევ 20 წლამდე უნდა მოხდეს, თუმცა მთავრობას ვადის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტავს, რომ არც ერთ სერიოზულ ინვესტორს არ სურს ტყის აღება მოკლევადიანი სარგებლით. მისი თქმით, 20 წელიწადში ტყის აღდგენა შეუძლებელია და შესაბამისად ინვესტორს არა მხოლოდ ტყის გამოყენება, არამედ მისი განახლებაც უნდა ევალებოდეს.
"ტყის კოდექსში" ცვლილებების თანახმად კი, ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი - 1 წლამდე და სეზონური ვადით და ასევე გრძელვადიანი - 49 წლამდე ვადით. იმავდროულად, მთავრობას უფლება აქვს, სარგებლობის ვადა გააგრძელოს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტყეების გრძელვადიანი სარგებლობით გაცემა მხოლოდ 20-წლიან ვადას გულისხმობს.