აფხაზეთსა და რუსეთს თავად აქვთ უფლება გადაწყვიტონ საკითხი, რომელიც ამა თუ იმ ვიზიტთანაა დაკავშირებული, კეტრინ ეშტონის განცხადებები კი არაკორექტულია. ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ვიზიტის გამო გაკეთებულ განცხადებას ეხება.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაკვირვებით მიიღო საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის განცხადება, რომელიც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტის გამო გააკეთა. ევროკავშირს ძალიან აშფოთებს ის ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტით იმყოფებოდა და მან ეს საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად გააკეთა", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთსა და რუსეთს შორის დამყარებული სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ფონზე ბარონესა კეტრინ ეშტონის განცხადებას არაკორექტულად მიიჩნევს".
"ქვეყნებს რომელთა შორისაც დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ სუვერენული უფლება განავითარონ და განახორციელონ ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები მესამე მხარის ინფორმირების გარეშეც", _ ნათქვამია განცხადებაში.