2011 წლის 2 მაისს თბილისს გრემის პრეზიდენტი ეწვევა. ნილ ფორთნოუ, თბილისის მერიის ორგანიზებითა და კომპანია „ალთერვიჟენ გრუფი"-ს ინიციატივით თბილისში ჩამოდის. ხელოვნებისა და მეცნიერებების ხმის ჩამწერი ეროვნული აკადემიის (NARAS-National Academy of Recording Arts and Sciences) პრეზიდენტი თბილისის მეხუთე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქების მერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურები იღებენ.
გრემის პრეზიდენტი 3 მაისს ფორუმზე დაგეგმილ სესიაში სიტყვით გამოვა და ისაუბრებს თემაზე: თბილისი მუსიკალური საავტორო უფლებების დაცვის ინიციატორი და პრომოუტერი ქალაქი კავკასიის რეგიონში; მუსიკალური მენეჯმენტის სისტემა და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა საერთაშორისო მუსიკალურ ინდუსტრიაში ინტეგრირებისთვის.
სესია 14:00 საათზე დაიწყება. ფორუმს - მუსიკოსები, პროდიუსერები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. სესიას უხელმძღვანელებს ირაკლი ნადარეიშვილი - „ალთერვიჟენ გრუფი"- ის დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი.
გრემის პრეზიდენტი საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება. გრემის პრეზიდენდი ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე საათით ესტუმრება ქალაქ ბათუმს.
შეგახსენებთ, რომ ხელოვნებისა და მეცნიერებების ხმის ჩამწერი ეროვნული აკადემია (NARAS), რომელიც ყველაზე მეტად გრემის დაჯილდოებითაა მთელს მსოფლიოში ცნობილი, ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 1957 წელს შეიქმნა და აერთიანებს პროფესიონალ მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, პროდიუსერებსა და ხმის რეჟისორებს. აკადემია 1959 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ატარებს მუსიკალურ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ დაჯილდოებას, გრემის. მუსიკალურ ინდუსტრიაში, ხელოვნებისა და მეცნიერებების ხმის ჩამწერი ეროვნული აკადემია (NARAS), ყველაზე მნიშვნელოვან, დომინანტურ და გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენს.