დევნილთა დასაქმების მიზნით რეგიონებში მათთვის მცირე ბიზნესპროექტების დაფინანსება გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვიულთა მინსტრი მინისტრი კობა სუბელიანი დღეს ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ ერთ-ერთ ოჯახს, ჟვანიებს ესტუმრა და მათი მცირე ბიზნესწამოწყება დაათვალიერა.
გელა ჟვანიამ სამინისტროსა და გაეროს დახმარებით ავეჯის მცირე წარმოება წამოიწყო. თავდაპირველად სამუშაო ოთახი მოაწყო, შემდეგ ხელსაწყოებიც შეიძინა და სხვადასხვა სახის ავეჯს ამზადებს - სამზარეული, სკამები, მაგიდები, კარადები. ავეჯს 2 მაღაზიას აბარებს, ასევე აქვს კერძო შეკვეთები. როგორც მან აღნიშნა, ამჯერად წარმოების გაფართოვებაზე ფიქრობს: „დღესდღეობით ჩემს წარმოებაში დასაქმებულია 5 ადამიანი. დიდი ინტერესი გვაქვს, რომ გავფართოვდეთ და სხვა საგრანტო კონკურსშიც მივიღოთ მონაწილეობა. ამ შემთხვევაში მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება და მეტი ადამიანი დასაქმდება."
მინისტრის თქმით, თუ დევნილი საზოგადოების მხრიდან ინტერესი და სურვილი იქნება, მსგავსი ხელშეწყობა ყველას ექნება: „ჩვენ გვინდა, რომ დევნილები სხვადასხვა პროექტებით წავახალისოთ. გაეროს მხარდაჭერა გვაქვს. მთავარია, მსურველი არსებობდეს. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობასაც კი არ აქვს ისეთი ხელშეწყობა, როგრც დევნილ საზოგადოებას."
ჟვანიების ოჯახის გარდა, გაეროსა და სამინისტროს ხელშეწყობით მცირე ბიზნესი ზუგდიდში მცხოვრებმა სხვა დევნლებმაც წამოიწყეს. ისინი დაკავებულები არიან მეფუტკრეობით, სამკერვალო საქმითა და მესაქონლეობით.