კიევთან ახლოს საქართველოს სპეცდანიშნულების ბატალიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიზნესმენ-რეციდივისტი მოკლა. მოკლული და მკვლელი ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს კიევის ოლქის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
"ირპენის მაცხოვრებელმა ძაღლებთან ერთად სეირნობისას ბალახებში გვამი იპოვა. დარწმუნდა, რომ ბალახებში დაგდებული მამაკაცი გარდაცვლილი იყო, ძაღლების პატრონმა ცხოველები იქაურობას განარიდა და მილიცია გამოიძახა", _ იუწყება უკრაინის შს სამინისტროს კიევის ოლქის მთავარ სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის მისვლის შემდეგ გარდაცვლილის ვინაობა მალევე დადგინდა. იგი აღმოჩნდა 59 წლის, ადგილობრივი მაცხოვრებელი, ადრე არაერთგზის ნასამართლევი. ცხოვრების თითქმის 20 წელი გარდაცვლილმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გაატარა.
"გარდაცვლილის საახლობლო წრის დამუშავების შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა მოვლენათა ქრონოლოგია ააწყვეს და მალევე იპოვეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი. მისგან ამოღებულია მკვლელობის უტყუარი მტკიცებულებებიც. ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 41 წლის საქართველოს მოქალაქე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. დაკავებულმა ბრალი უკვე აღიარა", _ იუწყებიან უკრაინელი სამართალდამცავები.
მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ გარდაცვლილი მისი ბიზნესპარტნიორი იყო და მას მისი დიდი რაოდენობით ვალი დაუგროვდა. ხოლო როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ მევალე ვალის დაბრუნებას არ აპირებდა, აღშფოთებულმა ბიზნესმენმა მას თავში ესროლა. მისი ცხედარი კი მინდორში დააგდეს.
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და ტრაგედიის ყველა დეტალის გარკვევა. მილიციის თანამშრომლები ამოწმებენ ნაცნობთა წრეს და ბიზნესის ხასიათს მკვლელსა და მოკლულს შორის მისი კრიმინალურობაზე შემოწმების მიზნით. "განზრახ მკვლელობის" მუხლით აღიძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", _ აცხადებენ უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახურში.