დღეს, 28 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული 2008-2010 წლების საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით "ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები".
აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მეოთხე გამოცემას, რომელიც მომზადებულია ფონდი "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ დაფინანსებული პროექტის "ანგარიშვალებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.
კვლევა მოიცავს 2008-2010 წლების საქართველოს ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას. მასში ასახულია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გაანალიზებულია არსებული ტენდენციები და ხარვეზები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის დამუშავების ვალდებულება, პერსონალური მონაცემების დაცვა, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოება.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან სახელმწიფო დაწესებულებების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოსამართლეები.