30 აპრილს ორი წელი შესრულდება, რაც სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. სასაზღვრო სამმართველომ ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო.
მესაზღვრეებად წოდებული რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები აფხაზეთის ტერიტორიაზე 2009 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ "ოფიაციალურად" ჩადგნენ. აღნიშნულ ხელშეკრულებას ეწოდება "შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ". სწორედ მის "საფუძველზე" რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის "სახელმწიფო" საზღვრების დაცვა იკისრეს.
ხელმოწერილი "ოფიციალური დოკუმენტების" შესაბამისად რუსი ოკუპანტები "თავიანთი მოვალეობების" შესრულებას 15 ივლისიდან შეუდგნენ "მათ ასევე თავიანთ თავზე აიღეს აფხაზის შიდა და საგარეო საზღვაო ტერიტორიული საზღვრების დაცვა", _ იუწყება აფხაზური მედია.
აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ხელმძღვანელის მოადგილე ილდარ ვალიულინი აცხადებს, რომ "აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევაზე ან დარღვევის მცდელობაზე სულ დაკავებულია 1750 ადამიანი, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაზე კი 400 ადამიანი.
"სულ მთელი ამ დროის განმავლობაში აღმოჩენილია 39 იარაღის სამალავი, რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებულია 200 ტონაზე მეტი ტვირთი და საქონელი. დაკავებული კონტრაბანდული საქონლის ღირებულება 15 მილიონი რუსულ რუბლზე მეტია", _ აცხადებს ვალიულინი.