ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ სურთ, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანდეს, თუმცა ასეთი მიერთების შესაძლებლობა არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არსებობს ასეთი პროცედურა: ახალი წევრის მიღება კონსესუსის არარსებობის პირობებში", _ აცხადებს წყარო და დასძენს, რომ "პარტნიორებს მოვლენათა ასეთი განვითარება არ სურთ".
ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყებაში არსებული წყარო აცხადებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიაში უკვე იყო იმის პრეცედენტი, როდესაც ქვეყანა ამ ორგანიზაციას მიუერთდა და ამ დროს ორგანიზაციის ყველა სხვა წევრის თანხმობა არ არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ 28-29 აპრილს ბერნში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხისადმია მიძღვნილი.