"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მტკიცე ხედვა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულება, რაც ნაკისრი აქვს საქართველოსთან მიმართებაში", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, თინა ქეიდენაუმ, საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიული ჯგუფის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მოსკოვი ომამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს და დაუშვას კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული მისიების მუშაობა.
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არაერთხელ აღვნიშნეთ. ბოლოს ჩვენი ეს პოზიცია ჰილარი კლინტონმა ბერლინის ნატოს მინისტერიალზე გააჟღერა. შემიძლია მხოლოდ გავიმეორო იგივე და ვთქვა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება, რაც "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმებითაა გათვალისწინებული, დაუბრუნდეს ომამდე არსებულ მდგომარებას და დაუშვას კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული მისიების მუშაობა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცემა", - აღნიშნა ქეიდენაუმ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი, დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში 4 საათს გაგრძელდა. მას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ესწრებოდნენ.