სომეხ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან შავი ზღვის სანაპიროზე უფასო მიწის ნაკვეთებზე შეთავაზება არ მიუღიათ. ამის შესახებ სომხურ საინფორმაციო სააგენტო "მედიამაქსს" სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
თუმცა როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა თენგიზ ზოიძემ განაცხადა, "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" ერთ-ერთი სომხური კომპანია "ESCo-Concern" უკვე ოპერირებს. მისი თქმით, გარდა ამისა, ქობულეთის ტურისტულ ზონაში სასტუმროს მშენებლობით სომხეთის მოქალაქე არმენ ალავერდიანიც დაინტერესდა.
"ის აჭარაში უკვე იმყოფებოდა. პირადად დავათვალიერებინე ტურისტული ზონა. მან საკუთარი სასტუმროს მშენებლობისთვის ადგილიც კი მოინიშნა, თუმცა შემდგომ აღარ გამოჩენილა", - აღნიშნა ზოიძემ.
რაც შეეხება ანაკლიის ტურისტულ ზონას, ანაკლიაში სასტუმროების მსენებლობით ამ დრომდე რომელიმე სომხური კომპანია არ დაინტერესებულა.
"მედიამაქსი" წერს, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ 25 აპრილს ბაქოში განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ტურიზმის სფეროს გაფართოების მიზნით კონკრეტული წინადადება მოამზად. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აზერბაიჯანელ ინვესტორებს შავი ზღვის სანაპიროზე უფასო მიწის ნაკვეთებსა და 15 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლებას შესთავაზებს.