ჩეჩნეთში შატოისკი რაიონში განადგურებული ტერორისტი ზედმეტსახელად "მოგანნედ"-ი ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" მთავარი ემისარია და მასთან ერთად დოკუ უმაროვი ბოევიკთა შორის ყველაზე მსხვილი ფიგურა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათო ინფორმაციით, რესპუბლიკის შს სამინისტროს ძალების მიერ ტყის მასივის დაზვერვის შედეგად აღმოჩენილი იქნა დაახლოებით ექვსი ადამიანისგან შემდგარი ბოევიკთა ჯგუფი. დამნაშავეებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. აღმოჩენილ ბოევიკთაგან სამი ლიკვიდირებულ იქნა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა შორის მსხვერპლი და დაზარალებულები არ არიან.
"განადგურებულ ბოევიკთაგან ერთ-ერთში ჩრდილო კავკასიაში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" მთავარი ემისარია ამოცნობილი. ეს საუდის არაბეთში დაბადებული ადაიანია, ზედმეტსახელად "მოგანნედ"-ი", _ იუწყება ანტიტერორისტული კომიტეტი.
მათივე ინფორმაციით, "დოკუ უმაროვთან ერთად "მოგანნედი" ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო ბანდიტთა შორის. იგი უცდომელ "რელიგიურ ავტორიტეტად" და გავლენიან "სავალე მეთაურად აღიქმედობა". ადრე დაკავებული ბოევიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "მოგანნედ"-ი უმაროვის კონკურენტი იყო იატაკქვეშეთის ხელმძღვანელობის საკითხში. ტერორისტი-თვითმკვლელების მიერ განხორციელებული ყველა ტერაქტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განხორციელდა, მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა", _ იუწყება ანტიტერორისტული კომიტეტი.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ "ეფ-ეს-ბეს" ხელთ არსებული ინფორმაციით, "მოგანნედ"-ი 2011 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ჩრდილო კავკასიაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ბანდფორმირების ახალი წევრების ჩაყვანას გეგმავდა. ამასთან ერთად, იგი თავის მიერ დაქვემდებარებული ბოევიკებისგან თავისი კონტროლის სრულ დამყარებას გეგმავდა ჩრდილო კავკასიაში მოქმედ ბოევიკებზე.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ასევე იუწყება, რომ ტერორისტი ჩრდილო კავკასიაში 1999 წლიდან იმყოფებოდა და იგი ჩეჩნეთში ე.წ. "ხატაბის ჯგუფის" შესავსებად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, პანკისის ხეობიდან შევიდა.
"რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მიერ 2002 წელს ხატტაბისა და მისი "მემკვიდრეების" აბუ-ვალიდის (2004 წელი) და აბუ -ხაფსას (2005 წელი) განადგურების შემდეგ "მოგანნედ"-ი ფაქტობრივად გახდა მთავარი გარანტი და "კოორდინატორი" იმისა, რომ ჩრდილო კავკასიაში ტერორისტული საქმიანობისათვის საზღვარგარეთიდან თანხები გადმორიცხულიყო", _ იუწყება რუსული მედია და იქვე დასძენს, რომ იმის გამო, რომ დოკუ უმაროვთან ერთად მას გამუდმებით ეძებდნენ, გასული წლის შემოდგომიდან იგი ღრმა იატაქვეშეთში დაიმალა.