ხვალ, 21 აპრილს, 15 წელის სრულდება, იმ დღიდან, როდესაც ჩეჩნეთში სოფელ გეხი-ჩუსთან ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი მოკლეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ოპერაციის მონაწილეებმა მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები გახსნეს: როგორც აღმოჩნდა, ჯოჰარ დუდაევის ადგილმდებარეობა რუსეთის სპეცსამსახურებს ჩეჩენმა ინფორმატორებმა მიაწოდეს. ამისათვის კი მათ მილიონი აშშ დოლარი მიიღეს. სტატიას ამის შესახებ "კომსომოლსკაია პრავდა" წერს.
ლიკვიდაციამდე ჯოჰარ დუდაევმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სამი თავდასხმა გადაიტანა. პირველად სნაიპერის ტყვია დუდაევს აცდა, მკვლელობის მეორე მცდელობისას დუდაევის ავტომობილის მიერ გასავლელ გზაზე ნაღმი აფეთქდა, ავტომობილი გადაბრუნდა, თუმცა თავად ჯოჰარ დუდაევი არ დაზარალებულა. მკვლელობის მესამე მცდელობის დროს დუდაევმა დაცვასთან ერთად სახლი საავიაციო რაკეტის აფეთქებამდე ხუთი წუთით ადრე დატოვა.
"ყველა მასალა ამ საქმესთან დაკავშირებით დღემდე გასაიდუმლოებულია", _ განაცხადეს გამოცემასთან საუბარში რუსეთის "გრუს' ოფიცრებმა ვლადიმერ იაკოვლევმა და იური აქსენოვმა, რომლებიც ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის ოპერაციაში პირადად მონაწილეობდნენ. თუმცა, გარკვეული ინფორმაცია, თადარიგის პოლკოვნიკებმა მაინც გააცხადეს. მათი ინფორმაციით, ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაცია "ეფ-ეს-ბესა" და "გრუს" ერთოვლივი მუშაობის შედეგი იყო, რომელშიც სამხედრო საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ.
ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის მომზადება არჩევნების წინ ელცინის რეიტინგის ამაღლებისათვის დაიწყო
მას შემდეგ რაც 1996 წლის გაზაფხულზე, ცხადი გახდა, რომ ადრე დაგეგმილი მორიგება ჯოჰარ დუდაევთან შუძლებელი იყო დაიწყო გზების ძიება მის გასანადგურებლად.
ოპერაციის ჩატარების დროზე თავისი გავლენა მოახდინა იმანაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბორის ელცინის პოპულარობის რეიტინგი კატასტროპულად დაეცა. დუდაევი გამომწვევად იქცეოდა - "მარჯვნივ და მარცხნივ აძლევდა ინტერვიუებს რუსულ და უცხო ქვეყნის მედიას, ამცირებდა რუსეთი გენერლებს:". თუმცა, ბოლო წვეთად, 1996 წლის აპრილის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის შატოისკის რაიონში ბოევიკების მიერ 245 -ე მოტომსროლელ ბრიგადაზე თავდასხმა იქცა. მაშინ 90 ადამიანი მოკლეს და 50 დაჭრეს. ამის შემდეგ ბორის ელცინმა ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
ოპერაციის კოორდინირებას "ცენტრში" მყოფი ორი პოლკოვნიკი ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოევიკების ლიდერების განადგურება, რუსეთის ყველა სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა დავალებული ჯერ კიდევ ჩეჩნეთში ომის დაწყებისთანავე, ჯოჰარ დუდაევი "მოუხელთებელ ჯოდ" მიიჩნეოდა. "მას რაღაც მხეცური წინათგრძნობა ჰქონდა", - აცხადებენ გაზეთის მოსაუბრეები და აღნიშნავენ, რომ სნაიპერებს ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციისათვის ორდენებსა და ოქროს ვარსკვლავსაც კი ჰპირდებოდნენ, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დუდაევი მაინც მოუხელთებელი რჩებოდა.
ინფორმატორებს საიდუმლო "ფულის ტომრის" ჯიბიდან გააუხადეს
შედეგად, სპეცსამსახურებმა სოფელ გეხი-ჩუზე განუწყვეტელი დაკვირვება დაიწყეს, სადაც დუდაევი, აგენტურის ინფორმაციით, 21 აპრილამდე სამჯერ იყო ნამყოფი - იგი რესპუბლიკის მთავარ პროკურორთან მაგომედ ჯანიევთან ჩადიოდა დაცვით, რომლის რაოდენობაც 30 ადამიანი იყო.
იაკოვლევის ინფორმაციით, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ადგილობრივი ინფორმატორების წყალობით დაადგინეს ერთი საინტერესო რამ - დუდაევი ერთი და იგივე უკაცრიელი ადგილიდან საუბრობდა ტელეფონით.
ოფიცრის აღიარებით, ინფორმატორებისათვის ფულის გადახდა გახდა საჭირო და მათ მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს, ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა ორი მილიონიდან დაიწყო. კითხვაზე, ვისი ჯიბიდან გადაუხადეს ინფორმატორებს ამხელა თანხა, გაზეთის რესპოდენტების აცხადებენ, რომ არჩევნების წინ, რუსეთში ბევრი ფულის ტომარა იყო, რომლებიც მზად იყვნენ გადაეხადათ ელცინის გამარჯვებისათვის არჩევნებში და ამისათვის ამაზე გაცილებით უფრო დიდი თანხა გაეღოთ.
მას შემდეგ რაც, ინფორმატორებმა დუდაევი გასცეს, შტაბიდან მოვიდა ბრძანება დამონტაჟდეს მძლავრი ფუგასები "კავშირის წერტილში" და იმ უკაცრიელ ადგილზე სადღეღამისო დაკვირვება დაწესდეს. თუმცა ჯოჰარ დუდაევი იქ მეტი არ გამოჩენილა და ამის გამო სპეცსამსახურები დაეჭვდნენ, რომ ინფორმატორებმა ისინიც გაყიდეს.
ამის პარალელურად "გრუ" და "ეფ-ეს-ბე" ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის მეორე ვარიანტსაც ამუშავებდნენ - თვითმფრინავიდან დარტყმას ლაზერულთავიანი თვითდამიზნებადი რაკეტით თანამგზავრული ტელეფონის სიგნალზე. თუმცა რამდენიმა ასეთი მცდელობა ჩავარდა და ამის მიზეზი იყო, ის, რომ დუდაევი ტელეფონით 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა, მოზდოკიდან გეხი-ჩუმდე კი თვითმფრინავი ჩამოფრენას 7-8 წუთს ანდომებდა.
დუდაევის ბოლო მოსაუბრე ზუსტად დადგენილია და ეს ელცინი არ არის
რაც შეეხება ჯოჰარ დუდაევის ტელეფონს, რომლის შესახებაც თავის დროზე ფანტასტიური ხმები დადიოდა, სპეცსამსახურების ინფორმაციით, დუდაევი ამერიკული თანამგზავრული ტელეფონით სარგებლობდა. ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციისათვის სამი პრობლემა უნდა მოხდნილიყო: უნდა მომხდარიყო აპარატურის გადაწყობა ამ ტელეფონზე, დროულად დადგენილიყო დუდაევის მზადება მომდევნო სატელეფონო განსახორციელებლად და გამანადგურებლებისათვის ბრძანება უნდა მიცემულიყო.
მედია წერდა, რომ დაღუპვის დღეს დუდაევი ტელეფონზე ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი სიხშირით ლაპარაკობდა. როგორც რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა თომას პიკკერინგმა განაცხადა, დუდაევის ქვრივის ალა დუდაევას თქმით, დაღუპვამდე მცირე ხნით ადრე მისი მეუღლე ბორის ელცინს ესაუბრებოდა. პოლკოვნიკმა იაპოვლევმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ერთ ერთ ინტერვიუში დუდაევის ქვრივმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე კონსტანტინე ბოროვოის ესაუბრებოდა და არა ბორის ელცინს.
იური აქსენოვი აცხადებს, რომ უკვე სარწმუნოდ დადგენილია, რომ სწორედ ბოროვოი იყო ის უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც ჯოჰარ დუდაევი ესაუბრა. ამ ინფორმაციას თავად პოლიტიკოსმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ის მართლაც ესაუბრებოდა დუდაევს ტელეფონით 21 აპრილს საღამოს 18:00 საათზე და ეს საუბარი შეწყდა. "ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ სარაკეტო დარტყმა სწორედ ჩვენი ბოლო საუბრის დროს განხორციელდა, მაგრამ იგი ამის შემდეგ ჩემთან კავშირზე არ გამოსულა", _ აცხადებდა ბოროვოი.
დუდაევის სიკვდილის დღე
21 აპრილს ჩეჩნური აგენტურიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ დუდაევი აპირებდა კავშირზე გასვლად გარკვეულ კვადრატში, ცნობილი იყო დაახლოებითი დროც. როდესაც დუდაევი მხოლოდ მიუახლოვდა სოფელ გეხი-ჩუს მოზდოკიდან გამოფრენილი თვითმფრინავი უკვე თითმის ადგილზე იმყოფებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დუდაევი იმ უკაცრიელ ადგილზე მეუღლესთან, თანაშემწეებთან და დაცვასთან ერთად იმყოფებოდა.
იური აქსენოვის თქმით, თავის ცხოვრებაში ბოლოჯერ ჯოჰარ დუდაევი ტელეფონზე მართლაც ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივად საუბრობდა. "ჩვენ გვესმოდა თვითმფრინავის შორეული ხმა. ამის შემდეგ გაისმა გამაყრუებელი აფეთქება. რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღეთ დასტური "იქითა მხრიდან!", რომ დუდაევის ცხედარს დასაკრძალავად ამზადებენ... შტაბში გადაიცა შემდეგი შეტყობინება - რაღაც ამის მსგავსი "პატრონმა ღრმად დაიძინა..", _ ჰყვება პოლკოვნიკი.
ალა დუდაევა, რომელიც იმ დღეს მეუღლესთან ერთად იმყოფება, მოგვიანებით იხსენებდა, რომ ჯოჰარმა მას ხევისკენ გადაწევა სთხოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი რაკეტა აფეთქდა და ქალი, რომელიც მეუღლიდან 20 მეტრში იდგა აფეთქების ტალღამ სწორედ ხევში გადააგდო. გვერდულად მან დაინახა ყვითელი ელი. ხევიდან ამოსული იგი მეუღლისაკენ გაემართა, მაგრამ იგი უკვე კვდებოდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაცია ბორის ელცინს ძალიან გაუხარდა. 22 აპრილს იგი ვიზიტით ხაბაროვსკში იმყოფებოდა. მხარის ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ კრემლის დელეგაცია ერთ ერთ ადგილობრივ რესტორანში გაემართა. როდესაც პრეზიდენტთან სამთავრობო კავშირის ოფიცერი მივიდა და აუწყა, რომ მას ხაზზე "ეფ-ეს-ბეს" დირექტორი ელოდება ელცინი გვერდით მდებარე ოთახში შევიდა და თვითმხილველთა თქმით, აღგზნებულად უხდიდა მადლობას თანამოსაუბრეს და მას გმირის ვარსკვლავს პირდებოდა.
ანიშნული საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ჭიქა აწია და განაცხადა, რომ დღეს ყველა იქ მყოფისათვის ზეიმია, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რას ეძღვნებოდა ეს ზეიმი. სააგენტოებმა ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის ფაქტი მხოლოდ მომდევნო დღეს გადასცეს.