საქართველოში სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი რამდენიმე ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა.
ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კუბლაშვილმა განმარტა, ერთ-ერთ რეგიონში სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი 5000-მდე ავტო სატრანსპორტო საშუალებაა და მოსახლეობის სურვილია, რომ მათი ლეგალიზება მოახდინონ.
"ჩვენ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვთხოვთ, რომ რეგიონებში ჩავიდნენ და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარნენ", - აღნიშნა კუბლაშვილმა დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს.
როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა აღნიშნა, ანალოგიური კანონი პარლამენტმა 2008 წელსაც მიიღო, თუმცა იგი რამდენიმე თვე მოქმედებდა.
"ჩვენ გვინდა ამ კანონის მიღებით საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ტრანსპორტის კეთილსინდისიერად შეძენის შემთხვევაში მოხდეს მისი ლეგალიზებამ რომ აღარ იყოს ეჭქვეშ საკუთრების უფლება. კანონი რამდენიმე თვე იმოქმედებს და ამ პერიოდში მოსახლეობას საშუალება მიეცემა ამ სახის ტრანსპორტის ლეგალიზება მოახდინოს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად 2012 წლის 1-ელ იანვრამდე პირებს, რომებსაც 2006 წლის 01 ივლისამდე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აქვს შეძენილი მისი ლეგალიზება შეეძლება.