კავკასიის მუსულმანთა მართვის ხელმძღვანელი შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მიმდინარე წელს სრულიად სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფაშაზადემ ვლადიკავკაზში მცხოვრებ აზერბაიჯანლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ რელიგიური მოღვაწეები ვართ. არასდროს სისხლისღვრის მომხრენი არ ვყოფილვართ. ამიტომაც ვხვდებით ერთმანეთს და ცალკეულ საკითხებს განვიხილავთ. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება", _ აღნიშნა ფაშაზადემ.
მისი თქმით, ყარაბახის კონფლიქტის დროს ბევრი სისხლი დაიღვარა. დღემდე ადამიანები ტყვეობაში რჩებიან, სნაიპერის ტყვია კი ცხრა წლის ბავშვს კლავს.
"ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფალი ამ საკითხის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა", _ განაცხადა ფაშაზადემ.