ENG / RUS       12+

საბა მეტრეველი: დღეს ქართული მეცნიერების აპოკალიფსი დადგა!

რესპოდენტის შესახებ

განათლების სიტემაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, ქართულ მეცნიერებას „შავი დღე" უდგას. ვითარება მართლაც იმდენად მძიმეა, რომ მალე, შესაძლოა მუსხელიშვილის, ვეკუას, შანიძის, ხარაძის, გამყრელიძისა თუ მრავალი სხვა აღიარებული ჩვენი თანამემამულის ნაკვალევზე ფეხის დადგმის მსურველიც არ დარჩეს. თუ იმას გავიხსენებთ, რომ თავის დროზე საქართველოს მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტს, მსოფლიოში აღიარებულ მკვლევარს, ევგენი ხარაძეს სახელმწიფომ შიმშილით ამოხადა სული, არსებულ მიდგომაში გასაკვირი არც არაფერია. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი, „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ დღეს ქართული მეცნიერების აპოკალიფსი დადგა!


საბა მეტრეველი: იმთავითვე და სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული მეცნიერების აპოკალიფსი დადგა! დამისახელეთ ამ პლანეტაზე მეორე ქვეყანა, მეცნიერს მასწავლებლის ხელფასის ნახევარი ჰქონდეს!

როცა ეროვნულ სამეცნიერო ინსტიტუტში მეცნიერის ხელფასი ხელზე 150 ლარია (ნახევარ შტატზე მყოფთათვის _ 75 ლარი), რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?! არც სამედიცინო დაზღვევა, არც რამე შეღავათი, არც პერსპექტივა ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებისა... თეიმურაზ ხევისთავივით სულს ღაფავს ქართველი ინტელიგენტი, თანაც პროტესტის დიდი სურვილიც არა აქვს. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ დღეს მეცნიერი ქუჩაში აღარ გამოვა, მინტინგს ვერ მოაწყობს და მიზანმიმართულად დაიწყო ნგრევა ეროვნული მეცნიერებისა (თუმცა, იმასაც მოვესწარით, რომ მეცნიერები მიტინგებსაც მართავდნენ და ისიც ყველამ დაინახა, უნივერსიტეტის აუდიტორიაში როგორ გამოკეტა რევოლუციურმა ხელისუფლებამ პროფესურა მათი პროტესტის ჩასახშობად)!

როცა ლომაიას დამანგრეველი რეფორმა დაიწყო და უნივერსიტეტი პირველი სამიზნე გახდა, გააუქმეს ილიას, აკაკის, გამსახურდიას, გალაკტიონის... კაბინეტები, გამოგვყარეს სამეცნიერო ნაწილი ქუჩაში და სანაცვლოდ 80-ლარიანი სტიპენდია დაგვინიშნეს, ამით გაგვაჩუმეს. ახლა ამ `ჰონორარს~ ვადა ამოეწურაო და 2010 წლის ივნისიდან ესეც შეწყდა. რას გვპირდება უნივერსიტეტის რექტორი, სტიპენდიებს აღგვიდგენს თუ გაუქმებულ კაბინეტებს?! ან სამინისტრო რას გვეტყვის _ ვჭირდებით ვინმეს?! თუ მეორედ მოსვლის წინაჟამია და აღარც ღირს ამაზე ფიქრი!..

ხელგაწვდილი, მათხოვრად ქცეული დარჩა ბედის ანაბარა ყველასაგან მიტოვებული ქართველი მეცნიერი _ ასეთია მისი სახე დღეს!

გამოდის რომ, ხელისუფლებას მეცნიერება არაფერში სჭირდება, პირდაპირ ვერ ამბობს ამას, თუმცა ამ გზით გიშორებს თავიდან და, ღირსება თუ გაქვს შერჩენილი და მართლა არ ხარ მემკვიდრე თეიმურაზ ხევისთავისა, მაშინ პროტესტის გრძნობა მაინც უნდა გაგიჩნდეს, იმიტომ კი არა, რომ ამით რამეს მიაღწევ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, საკუთარ თავზე რომ არ დაგწყდეს გული! 

არადა, ქართველის გარდა ვინ უნდა იკვლიოს ჩვენი ლიტერატურა, ენა, ისტორია და კულტურა?!

150-ლარიანი ქართული მეცნიერება, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩენილი და ყველასაგან მიტოვებული, რანაირად შეძლებს მეცნიერული პოტენციალის გამოვლენას?! ჩვენ არც ჰონორარს გვაძლევს ვინმე სამეცნიერო პუბლიიკაციის დაბეჭდვაში, პირიქით, საკუთარი ხარჯებით ვბეჭდავთ და ვწვალობთ...
გასაოცარი ისიცაა, რომ წინასაარჩევნოდ, ამ ვაკხანალიაში, თვით ოპოზიციასაც არ გავხსენებივართ, რომ ჩვენი მდგომარეობა კოზირად გამოეყენებინა! ამ სახელმწიფოში არავის ვჭირდებით და, შესაბამისად, არც არავის ვახსოვართ! მედიასაშუალებები დიდი ხანია გულგრილნი არიან სამეცნიერო ელიტის მიმართ, თორემ ქუჩაში გამოყრილი მსოფლიოში სახელგანთქმული მათემატიკის ინსტიტუტისა და, შესაბამისად, მთელი ქართული მეცნიერების ბედით მაინც უნდა აღელვებულიყვნენ. არაერთ გაზეთს გავუგზავნე წერილი მეცნიერების კრიზისის შესახებ და არც ერთი მათგანის სარედაქციო ინტერესებში ეს თემა არ შევიდა!
არასოდეს ასეთი დაუცველი, შეურაცხყოფილი, პატივ და ღირსება აყრილი არ ყოფილა ქართველი მეცნიერი!

_ მხოლოდ დაბალი ხელფასებია მეცნიერთა წინაშე დღეს არსებული პრობლემა?

_ ეს არ არის დაბალი ხელფასი, ეს საარსებო მინიმუმია და ზოგჯერ მასზე უფრო მცირეც!

თუმცა მხოლოდ ეს არ არის მეცნიერების კრიზისის პრობლემა. ახლა სამეცნიერო ინსტიტუტების უნივერსიტეტებთან მიერთების მჩქეფარე პროცესი დაიწყო! შენობები საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი და სახელმწიფო ინვესტორებს ელოდება, აბა, ვინ რამდენს გადაიხდის და ვინ უფრო ძვირად იყიდის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ინსტიტუტების პრესტიჟულ შენობებს. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში გადავიდა და კაცმა არ იცის, კადრების ოპტიმიზაციის სახელით, კიდევ რა ტიპის კონკურსების გავლა და სამსახურიდან გაყრა ელის მეცნიერებს. აღარაფერს ვამბობ, ინსტიტუტების ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალზე, ამდენ უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე!

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ეკუთვნოდა მეცნიერებათა აკადემიას, მის სისტემასა და დაქვემდებარებაში შედიოდა. მერე დაშალეს აკადემია (რას ერჩოდნენ!), განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაგვიყვანეს და მიუმატეს სახელი `მეცნიერების სამინისტრო~! თუ ახსოვს ვინმეს მეცნიერების პრობლემით დაინტერესებული ერთი მინისტრი მაინც?! ახლა სამინისტროსაც ჩამოგვაშორეს და, პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის, მიერ ხელმოწერილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის დადგენილებით მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო-კვლევითს ინსტიტუტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს უერთებენ! ამ გადაწყვეტილებით, მხოლოდ მათი კუთვნილი მოძრავი ქონება დაუკანონდათ - მაგიდები, კომპიუტერები... და არა - შენობები!

მალე ჩვენც მოგვიწევს შენობის დატოვება, თუმცა საკითხავია, რა ბედი ელის ინსტიტუტის უმდიდრეს ბიბლიოთეკას?! როგორი იქნება სტრუქტურა, გარემო და სამუშაო უკვე მერამდენედ რეფორმირებული ინსტიტუტისა?!

როცა ქვეყანაში რევოლუცია ხდება, სულ ერთია, ვარდების იქნება ის თუ ყოჩივარდებისა, მას თან ახლავს ნგრევა, ნგრევას კი მსხვერპლი მოსდევს. როგორც ჩანს, მეცნიერება ამ სახელმწიფოში დროისა და ეპოქის მსხვერპლად იქცა!

უნივერსიტეტიდან გამოყრილ სამეცნიერო ნაწილს გვეუბნებოდნენ, კაბინეტები არ გაუქმებულა, აღვადგენთო... ხუბუა წავიდა და აკადემიური საბჭოს თხოვნით მოწვეულმა (მორიგი ცინიზმი, რომელი ლოგიკით, რატომ უნდა სთხოვოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჯანდაცვის მინისტრს, მოდი, მოგვხედეო!!!) და ახლა უკვე არჩეულმა რექტორმა მიიღო მძიმე მემკვიდრეობა. დარწმუნებული ვარ, კარგა ხანს, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება! პირიქით, კრიზისიაო და ხელფასებზე დამატებით კიდევ 5 პროცენტი ჩამოგვეჭრა!!!

უზარმაზარი პრობლემაა წიგნის გამოცემაც. იმიტომ კი არა, რომ ძვირი ჯდება და, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მეცნიერმა თავისი მწირი ხელფასით ეს შეძლოს. წიგნი რომ დაბეჭდო, საგადასახადო ინსპექციაში აუცილებლად უნდა დარეგისტრირდე ინდმეწარმედ (როგორ მოგწონთ, ინდმეწარმე-მეცნიერი)! დაბეჭდილი წიგნები უნდა დაიბეგროს, ის წიგნებიც კი, რომლებსაც ამ გაჭირვების ჟამს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემ ან თუნდაც მეცნიერ-კოლეგას, დედას, მეგობარს თუ შვილს აჩუქებ! ასეთია კანონმდებლობა დღეისათვის. ამისთვის საბუღალტრო ცოდნაა აუცილებელი და, თუ თავად ვერ გაერკვევი, ბუღალტერი უნდა აიყვანო, რომ საგადასახადოში წარსადგენი დოკუმენტაცია მოგიწესრიგოს. და ეს მაშინ, როცა ას წიგნზე მეტს ვერ ბეჭდავს მეცნიერი და ისიც, ძირითადად, ბიბლიოთეკებსა და კოლეგებს უნდა დაურიგოს საჩუქრად!
განა არ შეიძლება, გაყიდული წიგნის საგადასახადო თანხა თავად მაღაზიიდან ავტომატურად ირიცხებოდეს ბიუჯეტში?! რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია და წვალება?!
მეცნიერთა წინაშე არსებული პრობლემა უამრავია. არაა ერთიანი სტრუქტურა ჩამოყალიბებული საიმისოდ, რომ პერიფერიებში გამომავალი სამეცნიერო ჟურნალები ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის. უნივერსიტეტების გამოცემები ხშირად ეროვნულ ბიბლიოთეკამდე ვერ აღწევს და არ ვიცით, რაზე წერენ ბათუმსა თუ ქუთაისში... ჩვენი კოლეგები, აღარაფერს ვამბობ უცხოურ ლიტერატურაზე! ჯერ ერთი, მათი შესყიდვის შესაძლებლობა უნდა გქონდეს და მეორეც, ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

- პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა მეცნიერებს და, როგორც მახოვს, მათი ხელფასიც გაიზარდა.

_ნუ აურევთ ერთმანეთში სამეცნიერო-კვლევითს ინსტიტუტებსა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს! ხელისუფლებამ მაღალი ხელფასი, მათი ცოდნისა და ღირსების შესატყვისი დამსახურებული ანაზღაურება დაუნიშნა სწორედ პრეზიდიუმს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებსა და წევრებს, რამდენიმე ათეულ ადამიანს! თუმცა აკადემიას ინსტიტუტები დიდი ხნის ჩამორთმეული აქვს და, სამწუხაროდ, საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია პროტეტსტი ამის თაობაზე! Mმე რეფორმირებული ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ვარ, კონკურსის წესით ორჯერ არჩეული ამ თანამდებობაზე, ხუთი წიგნის, ორმოცი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ჩემი ხელფასი 150 ლარია. ჩემთვის უცნობია, ვისი ხელფასები გაზარდა პრეზიდენტმა! გამუდმებით საუბრობენ მაწავლებლის ხელფასზე, დაზღვევაზე... არასდროს _ მეცნიერის ბედზე! ისე საკითხავია, ვინ უნდა ჩამოაყალიბოს მასწავლებელი ქვეყანაში, ვინ უნდა მისცეს მას ადეკვატური ცოდნა და ვინ უნდა უზრუნველყოს სამეცნიერო-მეთოდოლიგიური ლიტერატურით?!

_ მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციული ტექნოლოგიები ფუფუნება აღარაა, მეცნიერება მაინც ყოველდღიურად ვითარდება, ქართველი მეცნიერები კი მსოფლიო მიღწევებს ჩამორჩებიან. განსაკუთრებით ეს ეხება ტექნიკურ დარგებს, რა უნდა გაკეთდეს საამისოდ?

_ არა მგონია, ტექნიკური მეცნიერება ასე საგრძნობლად ჩამორჩებოდეს საერთაშორისო მიღწევებს, თუმცა ნუ შეიქმნით იმის ილუზიას, რომ ციფრული ტექნოლოგიები ასე ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის! Aაბა, ერთი ჩამოიარეთ და ნახეთ, რა ტექნიკური ბაზა აქვთ სამეცნიერო დაწესებულებებს. Aამ პირობებში მეცნიერს გაუჭირდება კომპიუტერის შეძენა და არა მგონია, სამსახურებში ასე უზრუნველყოფილნი იყვნენ ამ ტიპის საშუალებებით. Gგარდა ამისა, მეცნიერების დონე მაღალი ვერ იქნება, თუ საერთაშორისო კონფერენციებზე ან სამეცნიერო მივლინებით წასვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ მოგეცა. ამისთვის საჭირო რაც არის, კარგად მოგეხსენებათ, თორემ არა მგონია, ქართველ მეცნიერს რომელიმე უცხოელ კოლეგაზე ნაკლები პოტენცია, უნარი და ინტერესები ჰქონდეს!

_ საბჭოთა მეცნიერება ზოგად განათლებაზე იყო ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ რომელი გაამართლებს _ კერძო საგნებში სპეციალიზება თუ ზოგადი განათლება?

_ მეცნიერება არ იყო ზოგადი! საბჭოთა ეპოქაში ჩვენს ინსტიტუტში ცალკე მიმართულებებად მიმდინარეობდა კვლევები ძველი, XIX და XX საუკუნეების ქართული ლიტერატურისა. შესაბამისად, არსებობდა ამ ეპოქათა კვლევის სამეცნიერო განყოფილებები. მეცნიერთა ცალკე ჯგუფი იკვლევდა ლექსმცოდნეობის საკითხებს, შეისწავლებოდა ლიტერატურის თეორია, ცალკე - კრიტიკა, აღარაფერს ვამბობ რუსთველოლოგიისა და ფოლკლორის განყოფილებებზე და ასე შემდეგ! Aახლა კი, ძველი, XIX და XX საუკუნეების ლიტერატურის განყოფილებები შეერთდა და ერთი - ქართული ლიტერატურის განყოფილება ჩამოყალიბდა. არა მგონია, ეს იყოს სპეციალიზაცია `კერძო საგნებში~. ისე, კაცმა რომ თქვას, ზოგადი განათლება არ არის ურიგო და გინეკოლოგს სტომატოლოგიის ზოგადი ცოდნა არ აწყენდა, ისე როგორც ფოლკლორისტს _ საზღვარგარეთის ლიტერატურისა!

_ რას თვლით ქართული მეცნიერების მწვერვალად?

_ ჩემი გამოქომაგება არ სჭირდება ქართულ მეცნიერებას! მის მწვერვალად მეც იმას მივიჩნევ, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული, შეფასებული და დაფასებული. გაიხსენეთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლა და დიმიტრი უზნაძე, მათემატიკაში - ნიკო მუსხელიშვილის, ფიზიოლოგიაში _ ივანე ბერიტაშვილის, აღმოსავლეთმცოდნეობაში - გიორგი წერეთლის, გეოლოგიაში _ ალექსანდრე ჯანელიძის, ენათმეცნიერებაში - არნოლდ ჩიქობავას, ფილოლოგიაში _ კორნელი კეკელიძის, ისტორიოგრაფიაში _ ივანე ჯავახიშვილის... მიღწევები. ისინი არ მიაგაჩნიათ მწვერვალად? Aან თანამედროვე მეცნიერებაში თამაზ გამყრელიძის, რევაზ სირაძის, შოთა ნადირაშვილის... შრომები რომელიმე სხვა ქვეყნის შესატყვისი პროფილის სამეცნიერო აღმოჩენებს რამეთი ჩამოუვარდება?!

_ საბჭოთა მეცნიერების დროს რეპრესირებულ მეცნიერებს აიძულებდნენ საკუთარ დისერტაციებზე უარი ეთქვათ, რითაც ძალიან კარგად სარგებლობდნენ ე.წ. რეჟიმის მიერ დაფასებული "მეცნიერები". როგორ ფიქრობთ, უნდა გადაიხედოს თუ არა მათი ნაშრომები?

_ ყოველ რეჟიმს ჰყავს თავისი მეხოტბე, _ უღირსებო და მედროვე ადამიანი. პოლიტიკური ლირიკოსები, ხელოვანები, კარის მუსიკოსები და რუპორები დღესაც მრავლად არიან, თუმცა გავა დრო, `წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო~ და რა დარჩება შთამომავლობას მათი `ნამოღვაწარიდან~, უჩემოდაც ნახავთ და მიხვდებით!

რაც შეეხება რეჟიმის მიერ დაფასებულ "მეცნიერებს", მათი ციტირების ინდექსები, ანუ რეიტინგი სამეცნიერო წრეებში ძალიან დაბალია და, ფაქტობრივად, დავიწყების მტვერი აქვთ წაყრილი.

დღეს დიდი კულტურული დეკადანსის ეპოქაში ვცხოვრობთ. კრიზისია, ფაქტობრივად, ყველა სფეროში, თუმცა უკომპრომისო პიროვნება გახდა იშვიათობა, ეს ეტყობა ყველაფერს და ამიტომაც გვიჭირს!

მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ შეგნებული გვქონდეს მისია და აუცილებლობა მეცნიერებისა, სწორად გვესმოდეს მისი როლი და ადგილი საზოგადოების, სახელმწიფოებრივი განვითარების, ეროვნულ-ნაციონალური ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში და, ბოლოს, ისიც გააზრებული გვქონდეს, რომ ერი, რომელიც საკუთარი მეცნიერების ღირსებას იცავს, უკვდავია და უძლეველია!

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მანანა ნოზაძე

 

ავტორი: . .