ნათელი გახდა, რომ რუსეთმა სეპარატისტული აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის პროცესს ღია, ინტენსიური და დაუფარავი ხასიათი მისცა. თუ ადრე რუსეთის "მფარველობითა" და მათთან "მეგობრობით" აღფრთოვანებული აფხაზური საზოგადოდება ამას არც მალავდა და პირიქით რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებს თავად უხმობდა აფხაზეთის პოლიტიკურ თუ საზოაგდოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიეღოთ, ამჟამად აფხაზეთში პოლიტიკურ-საზოგადობრივი სურათი მკვეთრად შეიცვალა. რიგითი აფხაზები სხვაგვარად ფიქრობენ. სოხუმში აფხაზი ეთნოსის გაქრობის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ. ერთ-ერთი ეთნიკური აფხაზი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ მალავს, რომ სოხუმში "გადაშენების" შიშმა დაისადგურა. იგივეს ამბობენ ე.წ. დე-ფაქტო მთავრობის რიგი მაღალჩინოსნები.
"შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ და თქვენ (აფხაზები და ქართველები) ერთ სანგარში ვიჯდებით, ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად", _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის ე.წ. დე-ფაქტო მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. (თუმცა, წყაროს მითითების გარეშეც კი მისი სიტყვების ქართული საზოგადოებისათვის მიწოდება აუცილებლობად ჩავთვალეთ - GHN). "სასწორის ერთ მხარეს დამოუკიდებლობა დევს _ მეორე მხარეს კი აფხაზი ხალხის მომავალი და ერის არარსებობის საკითხი", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" მოსაუბრე, რომელიც იქვე აღნიშნავს, რომ მას არ სურს მისი ამ სიტყვების წაკითხვისას საქართველოში ვინმემ იფიქროს ის, რომ მას აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ხილვა სურს.
სააგენტოსათვის ცნობილი გახდა ისიც, რომ რუსეთისათვის ისედაც თავის დროზე არასასურველი სერგეი ბაღაფში, თავის ძალიან ვიწრო და ერთგულ გარემოცვაში ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობს აფხაზი ერისათვის უკვე აშკარა და ძალიან დიდ საფრთხეზე ასიმილაციისა და საბოლოოდ კი სულ გაქრობისა.
ამას გარდა, "ჯი-ეიჩ-ენისათვის" ასევე უტყუარი წყაროსაგან ცნობილი ხდება ისიც, რომ ბაღაფშმა, რომლის გაპრეზიდენტებას თავის დროზე საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა, ალკოჰოლის მიღებას მოუმატა და ამ ფაქტის დასაფარავად, მის უახლოეს გარემოცვას დიდი ძალისხმევის გამოვლენა სჭირდება. თუმცა სოხუმი მაინც პატარა ქალაქია იმისათვის, რომ იქ რამე დიდი ხნის განმავლობაში დაიმალოს...
ახლა კი ის მიზეზები, რომლებმაც აფხაზური საზოგადოების "დამოუკიდებლობის აღიარებით" გამოვლენილი სიხარული და აღფრთოვანება ჩაახშო და ამ გრძნობის ადგილზე მომავლის შიშისა და ხაფანგში ყოფნის გრძნობა დატოვა...
უკვე ხაფანგში მოქცეულ ბაღაფშს უწევს რუსეთისათვის იმ სურვილების ოფიციალური გაფორმება, რომელიც მათ აფხაზეთის მისამართით გააჩნიათ.
ბაღაფშმა რუსეთის პრემიერთან შეხვერაზე "პირდაპირ და ხისტად" მიიღო იმ მოთხოვნათა ჩამონათვალი, რაც მას "თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე" უნდა შეესრულებინა რუსეთისათვის.
შედეგად, აფხაზეთის მთელი ტერიტორია, ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზად იქცა, სადაც ყველაფერი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. აფხაზეთში ასევე თავმოყრილია რუს სამხედროთა კოლოსალური რაოდენობა და თავად აფხაზებისათვის ადგილი პრაქტიკულად აღარაა დარჩენილი _ მდინარე ფსოუსა და ენგურის საზღვარზე 1 500-მდე რუსი სამხედრო დგას, მაშინ როდესაც აფხაზი სამხედროების რაოდენობა ამ ადგილებში 200-ს ძლივს აღწევს. რუსი სამხედროები ასევე დგანან სოხუმის აეროპორტში, სოხუმისა და ოჩამჩირის საზღვაო პორტებშიც და გაგრის სანაპიროზეც.
ამას გარდა, სასაზღვრო ზონადაა ქცეული აფხაზეთის მთელი სანაპიროც. სანაპიროზე განთავსებულია ხუთი სასაზღვრო-საგუშაგო: "სქურჩას" ტბისა და მაჩარის დასახლებული პუნქტის რაიონებში, ახალი ათონისა და ბიჭვინთის რაიონებში და გაგრის რაიონის ცანდრიფშის დასახლებაში.
მდინარე ენგურზე გამავალ ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმუშავებს, სადაც უმთავრესად რუსი სამხედროები იქნებიან განთავსებული. იქნება ორი გადასასვლელი: ერთი ცენტრალური _ მდინარე ენგურის ხიდზე, მეორე ე. წ. გალის რეგიონის დაბალ ზონაში.
ამას გარდა, რუსეთი ასევე თავის თავზე იღებს აფხაზეთის საჰაერო სივრცის სრულად კონსტროლის დამყარებას და უახლოეს მომავალში ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვითი ერთობლივი სისტემნის შექმნასაც "სთავაზობს" აფხაზეთს, რომელიც როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ამ წინადადებას "დიდი სიხარულით" დასთანხმდებიან საჰაერო სივრცეზეც სრულ კონტროლს რუსეთს მისცემენ.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ აფხაზეთმა რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის მმართველობის უფლება რუსეთს მისცა. სოხუმში რამდენიმე დღის მოწყობილ პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშს რამდენჯერმე მოუწია უკმაყოფილო აფხაზი ჟურნალისტებისათვის, იმის გამეორება, რომ "ეს არ არის გაყიდვა, ეს დროებით, 10 წლით მმართველობაში გადაცემაა".
ასევე, რუსეთს, ოფიციალურად 49-წლიანი იჯარით უკვე გადაცემული აქვს მიწის ნაკვეთები გუდაუთასა და ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზების ასაშენებლად.
მეტიც, ამჟამად, განხილვის სტადიაში იმყოფება წინადადადებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ამ მიწებს 99 წლით რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასცემენ. სავარაუდოდ, ამ წინადადებათა პაკეტი რუსეთსა და აფხაზეთს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ ოფიციალური შეთანხმების დროს გახდება ცნობილი. ამ ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოწერება ხელი.
ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციას საკუთრებაში ასევე გამოყოფილი აქვს მიწის ნაკვეთები სოხუმის ცენტრსა და სანაპიროზე. ამ მიწის ნაკვეთებზე "მოსკოვის სახლი" და აფხაზეთში "რუსეთის საელჩოს" შენობები შენდება.
აღსანიშნავია, ასევე რომ პუტინმა სოჭში ბაღაფშთან შეხვედრისას მას ასევე მოსთხოვა "დროში გაწელილი" საკითხის "მიწის კანონის" მიღების დროული ანუ "ბაღაფშის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე" გადაწყვეტა და რა თქმა უნდა ამ კანონის რუსეთისათვის სასარგებლო ვარიანტში მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში 2010 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშს "მხარდაჭერასა და ლობირებას" დაპირდა.
და ბოლოს, ამ ზაფხულს აფხაზეთში პუტინი ჩასვლას გეგმავს რათა ადგილზევე ნახოს, თუ როგორი წარმატებით გაართვა თავი სერგეი ბაღაფშმა დავალებებს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ეკა მომცელიძე