უნგრეთი დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნას აღარ დაბლოკავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euronews ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უნგრეთის პოზიციის ცვლილება ევროკავშირის საკითხებში პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანმა, ანდრაშ ბირო-ნაგიმ, ბრიუსელში, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამართულ გაფართოების საკითხებზე დისკუსიაზე მიანიშნა.
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის დაბლოკვით აფერხებდა. ბუდაპეშტის წინააღმდეგობა მოლდოვის გაწევრიანების პროცესსაც აფერხებდა, რომელიც კიევის პროცესთან არის დაკავშირებული.
ბოლო ორი კლასტერი მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას: სოფლის მეურნეობასა და ე.წ. მწვანე დღის წესრიგს, რომელიც გარემოს დაცვას, ენერგეტიკასა და ტრანსპორტს აერთიანებს.
Euronews-ის ცნობით, უნგრეთის პოზიციის შეცვლის შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნის შესაძლებლობა ექნებათ. ამ დრომდე ოთხი კლასტერი უკვე გახსნილია.
თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაწევრიანების პროცესის დასრულებას. ევროკავშირის ელჩების თანხმობის შემდეგ საერთო პოზიცია წევრი ქვეყნების მინისტრებმა უნდა დაამტკიცონ, საბოლოოდ კი კლასტერების გახსნა მთავრობათაშორისი კონფერენციით გაფორმდება.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხი უკრაინისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება. ევროკომისიამ გარკვეული უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარსა და დაფინანსებაზე შეზღუდვების დაწესება შესთავაზა, რასაც პოლონეთი და საფრანგეთიც უჭერენ მხარს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარი ფერმერების ევროპული ბაზრიდან მუდმივ გამორიცხვას არ დათანხმდება და ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ გარდამავალი და პროპორციული უნდა იყოს.