რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი 17-ვე ადამიანი დაიღუპა.
კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფა სოფელ იაგუნოვოს მახლობლად მოხდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ, თავად კი ადგილზე გაემგზავრა.
რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ნოვოსიბირსკიდან კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანკსში მიფრინავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც მან სიმაღლე სწრაფად დაკარგა და მიწასთან შეჯახებისას აფეთქდა. ტელეგრამ-არხ Shot-ის ცნობით, ეკიპაჟი დამწვარი თვითმფრინავის საცხოვრებელი სახლებისგან მოშორებას ცდილობდა. ბორტის ნამსხვრევები დაახლოებით 500 მეტრის რადიუსში გაიფანტა.
გამოცემა The Insider-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად საწვავის სისტემის გაუმართაობა განიხილება, თუმცა მიზეზი ოფიციალურად დადგენილი არ არის.