პატიმრების წამებით ხელისუფლებაში მოსული ძალა „არაქართული ოცნების“ სახით დღეს თავად არის პატიმრების მხრიდან წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში ბრალდებული, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელშიც მან მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს ობიექტური გამოძიება, რომლის დასრულებამდეც ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
„ძალიან მარტივია მოცემულობა გავიაზროთ - 14 წლის წინ „არაქართული ოცნება“ ციხის კადრებითა და სკანდალით მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ ამ 14 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად ბოლო წლებში, ვხედავთ და ვისმენთ არაერთ მძიმე ისტორიას, მძიმე ბრალდებას ციხეებზე. პატიმრების მხრიდან არაერთი მძიმე ბრალდება და ისტორიაა გაჟღერებული პენიტენციურ დაწესებულებებზე. გიორგი დავითაძის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებაში ხელით გააუპატიურეს, რაც ჩემთვისაც მძიმე სათქმელია, მაგრამ ის ვიდეო, რაც გამოქვეყნდა პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, არა თუ აქარწყლებს რაიმე ტიპის ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს. ხელთათმანიანი კაცი, რომელიც ჩანს კადრებში, კიდევ ერთხელ იმ ეჭვის საფუძველია, რომ მართლაც დანაშაული მოხდა. ეს აუცილებლად უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეფასება და მოთხოვნაა. შეფასების ნაწილში უნდა ითქვას, რომ „არაქართულმა ოცნებამ“ გადაიმეორა და შეისისხლხორცა ყველა ის დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში არსებობდა, რაც მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური ქცევები იყო გამოვლენილი. ცალსახაა, რომ დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქე პატიმრები, რომლებიც ათი ათასობით არიან, მხარდაჭერასა და სოლიდარობას საჭიროებენ.
მოგმართავთ პატიმრებს -დანაშაულები, რომელიც შესაძლოა ყოველდღიურად თქვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომელზეც ყოფილი პატიმრები აქტიურად საუბრობენ, არ დარჩება დაუსჯელი. ჩვენ ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული, არ იყოს ციხეები გადავსებული, იყოს ჰიგიენა დაცული და იყოს ის ადამიანური ღირსება დაცული, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას სახელმწიფო ერქვას. პირველი, ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ სრულიად დამოუკიდებელი და ობიექტური მონიტორინგი ჩატარდეს საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მეორე, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში და ადამიანის უფლებები შესწავლილი იქნეს მყისიერად და ახლავე, მათ შორის შესწავლილი იქნას გადავსებული საკნების პრობლემა. მესამე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, თუ ეს დანაშაული დადასტურდება - ბადრაგებიდან დაწყებული უწყების მაღალჩინოსნებით დამთავრებული და სანამ საგამოძიებო ობიექტური პროცესი დასრულდება მანამდე ყველა მონაწილე პირს უფლებამოსილება შეუჩერდეს. პატიმრების წამებით ხელისუფლებაში მოსული ძალა „არაქართული ოცნების“ სახით დღეს თავად არის პატიმრების მხრიდან წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში ბრალდებული. ჩვენ ვდგავართ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდამხარ, მათ შორის, იმ მსჯავრდებულების მხარდამხარ, რომლებსაც ახლა სჭირდებათ სოლიდარობა“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.