აშშ-ში ვიზიტით ჩასულმა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები“.
ამის შესახებ სი ძინპინმა აშშ-ში ჩასვლისას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომელსაც Associated Press ავრცელებს.
„ჩინელი ერის დიდი აღორძინების მიღწევა და ამერიკის სიდიადის აღდგენა შეიძლება ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. ორ ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს ერთმანეთის წარმატებას და ამით სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
სი ძინპინის თქმით, ორივე ქვეყანამ „ერთმანეთისკენ ნაბიჯი უნდა გადადგას და ერთობლივად იმუშაოს სტაბილური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად - ისეთი ურთიერთობების, სადაც თანამშრომლობა საფუძველია, კონკურენცია სათანადო ფარგლებს არ სცდება, უთანხმოებები გვარდება, ხოლო მშვიდობა რეალურ შესაძლებლობად რჩება“.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც განმარტავდა, რატომ დახვდა პირადად სი ძინპინის თვითმფრინავს, განაცხადა: „ვფიქრობ, ისინი ამას აფასებენ - ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან“.
სი ძინპინი აშშ-ს 23-25 სექტემბერს, დონალდ ტრამპის მიწვევით, სტუმრობს.