ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკეთებული განცხადების გამო „სამშობლოს ღალატში“ დასდო ბრალი და უთხრა, რომ ამ სიტყვებისთვის „პასუხისგება აუცილებლად მოუწევს“.
„სამშობლოს ღალატია, როდესაც მიწაზე, რომელიც ჩვენია, პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენმა მტერმა ეს ტერიტორია წაიღო. ბატონო თენგიზ, სხვა სიტყვების და თქვენი სხვა საქციელის გამო პასუხისგება თუ არ მოგიწიათ, ამ სიტყვების გამო პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ! ეს არის ღალატი. ღალატია პარლამენტში გაცხადებული სიტყვები, რომ ფაქტია, რომ თურმე ჩვენი მიწა ვიღაცამ წაიღო და სად არის ამ დროს სახელმწიფო?!“, - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
შარმანაშვილის თქმით კი, მისი განცხადება არა ტერიტორიების დაკარგვას, არამედ მათზე ეფექტური კონტროლის დაკარგვას ეხებოდა. მან ხორგუანს „არაკომპეტენტური მატყუარა“ უწოდა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„როცა რაღაც საკითხში არაკომპეტენტური ხარ, აუცილებელი არ არის, რომ შენი კომპეტენტურობა მთელს საქართველოს გააგებინო. რომ გადავახვიო და ეფექტური კონტროლის დაკარგვაზე იყოს საუბარი, ამაზე ბოდიშს მოიხდით?! - არ მოიხდით! არაკომპეტენტური ხართ და ტყუილებს ლაპარაკობთ. არაკომპეტენტური მატყუარა ორჯერ უარესია. საერთოდ არაფერში არ ერკვევით“, - განაცხადა შარმანაშვილმა სოფიო ხორგუანის პასუხად.
მანამდე შარმანაშვილმა განაცხადა: „ტერიტორიები კი არ დაიკარგა... გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ. ეს ხომ ფაქტია?“