ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გერმანიის საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის გამარჯვება ევროპასა და მსოფლიოში ულტრამემარჯვენეების გაძლიერების გაფრთხილებად შეაფასა.
„ის, რაც გუშინ საქსონიაში ვიხილეთ, არის გაფრთხილება და, ვფიქრობ, ასევე დადასტურება: გაფრთხილება იმისა, რომ ულტრამემარჯვენე საფრთხე, დიდწილად ტრადიციული მემარჯვენეების დანებების გამო, ევროპასა და მსოფლიოში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს“, - განაცხადა სანჩესმა ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, გერმანიაში მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პროგრესული ძალების ხელისუფლებაში ყოფნა აუცილებელია.
„ესპანეთში ჩვენ უფრო საჭირონი ვართ, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა სანჩესმა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ევროპასა და მსოფლიოში „რეაქციული ძალების წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში“ იმყოფება.
სანჩესის განცხადებით, ულტრამემარჯვენეების გაძლიერების საპასუხოდ აუცილებელია სოციალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მათი კიდევ უფრო გაფართოება.
მან PSOE-ის პარლამენტარებს მოუწოდა, მოქმედი მოწვევის დარჩენილ პერიოდში მაქსიმალური ძალისხმევით იმუშაონ, რათა მთავრობის მიერ დაწყებული სოციალური პოლიტიკა გაგრძელდეს. სანჩესმა განსაკუთრებით გამოყო არასრულწლოვანთა ონლაინდაცვის, საჯარო კეთილსინდისიერებისა და განათლების სფეროში დაგეგმილი კანონები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სოციალისტებს სურთ მომდევნო არჩევნებში კიდევ ოთხი წლის ვადით ხელისუფლებაში დარჩენა. მისი თქმით, PSOE-მ უნდა გააგრძელოს პროგრესული პოლიტიკა და არ დაუშვას „რეაქციული ტალღის“ გაძლიერება.
სანჩესმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზეც. მისი თქმით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საცხოვრებელი სახლების საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება და მთავრობა სოციალური ხარჯებისთვის ისტორიულად დიდ თანხებს გამოყოფს.
წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, ხუთი წლის წინ CDU-ს 37.1% ჰქონდა. ამასთან, CDU-მ არცერთი პირდაპირი მანდატი არ მოიგო, მაშინ როცა 2021 წელს 41-დან 40 ოლქში გაიმარჯვა.
Reuters-ის შეფასებით, ეს შედეგი პირდაპირ ურტყამს მერცის პოზიციებს და მთელი ევროპის მასშტაბით მემარჯვენე პოპულიზმის გაძლიერების გაფრთხილებაა. სააგენტო აღნიშნავს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა უკმაყოფილება განსაკუთრებით უკავშირდებოდა ეკონომიკურ მდგომარეობას, პენსიებსა და ცხოვრების გაძვირებას.