უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ პოლონურ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი განზრახ გააჩინეს, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, რუსეთი დგას.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, იუწყება Politico.
ტუსკის თქმით, ეს რუსეთიდან მომდინარე დესტაბილიზაციის უფრო ფართო საფრთხის ნაწილია. მისი განცხადებით, მოსკოვი ევროპაში დაძაბულობის გაძლიერებას ცდილობს.
„ეს ევროპაში რუსეთის ქმედებების ესკალაციის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევები არ არის და, რაც კიდევ უფრო უარესია, ისინი, რა თქმა უნდა, უკანასკნელიც არ იქნება“, - განაცხადა ტუსკმა.
ხანძარი 31 აგვისტოს ღამით, ქალაქ სკარჟისკო-კამენაში მდებარე თავდაცვის სფეროს კომპანია WB Electronics-ის საწარმოში გაჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირი შეიჭრა, რის შემდეგაც ერთ-ერთ სათავსოში ხანძარი გაჩნდა.
პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება უცხოური დაზვერვის საქმიანობაში მონაწილეობასა და ტერორისტული ხასიათის დანაშაულზე დაიწყო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმები გახშირდა.
გარდა ამ შემთხვევისა, პოლონეთში, კვირას, ლუბლინში მდებარე საწარმოშიც გაჩნდა ხანძარი. საწარმო ავიაკოსმოსური ინდუსტრიისთვის კომპონენტებს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის განკუთვნილ დეტალებს, აწარმოებს.