ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის ომის ესკალაციის მიზნით ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს.
როგორც სტუბმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, ჩინელმა მაღალჩინოსნებმა მას პირად საუბარში დაუდასტურეს, რომ პეკინი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ დაუშვებს.
„ამ ზაფხულს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მესტუმრა და ეს საკითხი დავაყენე. მან მიპასუხა, რომ ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ეფექტური შემაკავებელი ფაქტორია“, - განაცხადა სტუბმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი სტუბს ჰელსინკიში 5 ივლისს შეხვდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი და ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა იყო. ჩინეთი მოსკოვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და დიპლომატიურ პარტნიორად რჩება.
სტუბის განცხადებით, მოსკოვი სარგებლობს იმით, რომ ევროპელები ბირთვული ესკალაციისა და ნატო-ზე შესაძლო პირდაპირი თავდასხმის საფრთხეზე არიან კონცენტრირებული.
„რუსეთს სურს, რომ ჩვენ, ევროპელებმა, აქ ვისხდეთ და ვიმსჯელოთ: მოახდენს თუ არა რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას? გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? თავს დაესხმება თუ არა რუსეთი ნატო-სა და ევროპას?“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპამ სიმშვიდე, თავშეკავება და სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს.
სტუბმა ევროპელებს ასევე მოუწოდა, „დრამატიზებისგან თავი შეიკავონ და ყველაზე ცუდი სცენარისთვის მოემზადონ, რათა ის თავიდან აიცილონ“.
ინტერვიუში ფინეთის პრეზიდენტმა ასევე გააქარწყლა შეშფოთება ნატო-ზე რუსეთის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, მოსკოვის მცდელობები, ალიანსის მზადყოფნა გამოსცადოს, უფრო „წაქეზების მცდელობაა“, ვიდრე ომისთვის მზადება.
სტუბის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი კვლავ უკრაინაშია ჩართული, ხოლო ნატო-ს შემაკავებელი ძალა ალიანსზე რუსეთის პირდაპირ თავდასხმას უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოს ხდის.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპა უახლოვდება მომენტს, როდესაც მოსკოვთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მიზანშეწონილი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან უფრო პირდაპირი კონტაქტის დამყარება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გაუგებრობები თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა სტუბმა.
მისივე თქმით, ევროპა ჯერ ამ ეტაპამდე არ მისულა, რადგან მთავარი პრიორიტეტი კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა.