ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ. მას წარმატებას ვუსურვებ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, მდინარაძეს გუნდისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.
„ის ფაქტი, რომ, მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ეს პრემიერ-მინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. სამინისტროების გაერთიანებას მივესალმები, რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ამ კუთხით ეფექტიანობა არ გაზრდილა, ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია თუ რეგიონული განვითარების კუთხით კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ალბათ ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული. თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული“, – განაცხადა წილოსანმა.