ნეპალში დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 903-ს მიაღწია, ხოლო 4247 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
კატასტროფების რისკის შემცირების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაკარგულთა რიცხვიც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 2502-დან 4247-მდე. მათ შორის დაახლოებით 600 უცხოელია. 24 საათზე ნაკლებ დროში დაკარგული ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა აიხსნება ქვეყნის ყველაზე იზოლირებულ რაიონებთან კომუნიკაციის თანდათანობითი აღდგენით.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ - დაზიანებულია გზები და ხიდები, ზოგიერთი დასახლება იზოლირებულია, ხოლო ძლიერი წვიმა ახალი წყალდიდობების საფრთხეს ქმნის. ნეპალის ხელისუფლებამ ბჰოტე-კოშის მდინარეზე წყლის დონის მატების გამო ახალი გაფრთხილებაც გაავრცელა.
სამაშველო ჯგუფები ასევე ეძებენ დაკარგულებს ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში, სადაც შესაძლოა კიდევ ბევრი ადამიანი იყოს ჩარჩენილი.
სტიქია 26 აგვისტოს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის სიახლოვეს დაიწყო. წინასწარი შეფასებით, კატასტროფა შესაძლოა მყინვარის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც მდინარის გადაკეტვა, მეწყერი და მასშტაბური უეცარი წყალდიდობა მოჰყვა.