საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ, რომელიც მის მიმართ წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა.
მაჭავარიანის თქმით, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, კორუფცია არავის ეპატიება.
„ვერანაირ დეტალში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. წერილები, რასაც ბატონი ღარიბაშვილი იწერებიდა – უკვე იკვეთება, რომ წინასწარ იცოდა მძიმე ბრალი, რაც მის წინაშე წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იქნება, მოქმედი თუ რომელი თანამდებობის პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ანალოგიური მიდგომა გვაქვს ნებისმიერ ადამიანზე. ჩვენ კორუფციას არავის ვაპატიებთ. შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით და ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. ამ ხაზით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.