იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გამოცემამ გაიხსენა მელონის აღშფოთების შესახებ, როდესაც ტრამპმა განაცხადა, თითქოს ივნისში, საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, ის მასთან ერთად ფოტოს გადაღებას სთხოვდა.“
„ცხადია, ვფიქრობდი, რომ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა უფრო მარტივი იქნებოდა, ჩვენი შეხედულებების თანხვედრიდან გამომდინარე, მათ შორის იმიგრაციისა და გამოღვიძების კულტურის საკითხებზე. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა“, - განაცხადა მელონიმ ინტერვიუში.
მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთთან უკვე რამდენიმე კვირაა არ უსაუბრიათ.
კითხვაზე, ისაუბრებენ თუ არა მელონი და ტრამპი ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მელონიმ უპასუხა: „ვნახოთ.“
იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ ნანობს თავის ძალისხმევას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი საჯარო უთანხმოებებისა.
„კვლავაც მიმაჩნია, რომ დასავლეთის ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია. იტალიის სტრატეგიას ჩემს პირად ურთიერთობებზე დაყრდნობით არ ვგეგმავ.“
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჯორჯია მელონი მას ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“. მელონიმ ტრამპის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.