მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუდასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანას არ აიძულებენ, ვიდრე „ჰამასი“ არ განიარაღდება. ეს, სავარაუდოდ, 60–90 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ისრაელი აშშ-ისა და სხვა ქვეყნებისგან გაცილებით მეტ მხარდაჭერას მიიღებს“.
Bloomberg-ის ცნობით, ასეთი პოზიცია ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად მიღწევის იმედებს ამცირებს.
კუშნერი ნეთანიაჰუს იერუსალიმში ორშაბათს შეხვდა, ეგვიპტეში „ჰამასის“ ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვიდან ერთი დღის შემდეგ.
ტრამპის სამშვიდობო საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების ღაზის სექტორიდან გადაჯგუფება არ დაიწყება ვიდრე „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება და მთელი ღაზის სექტორი დემილიტარიზებული არ იქნება.
მოსალოდნელია, რომ „ჰამასი“ ამ პირობებს უარყოფს, რადგან დაჯგუფება მოითხოვს, ისრაელმა ღაზიდან ჯარები გაიყვანოს მანამდე, ვიდრე ის იარაღს ჩააბარებს.
კუშნერის თქმით, განიარაღება ღაზაში როგორც მსუბუქი, ისე მძიმე შეიარაღების სრულად გაუქმებას, ასევე „ჰამასის“ გვირაბების ლიკვიდაციას გულისხმობს.
„ეს ჩიხური ვითარება ცხადყოფს, რამდენად რთული იქნება კუშნერისა და ტრამპის სამშვიდობო საბჭოსთვის ღაზის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ ჩამოყალიბება და კიდევ უფრო ამცირებს მშვიდობის პერსპექტივებთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისის ბოლოს განაცხადა, რომ საბჭომ „ჰამასის“ განიარაღების შესახებ შეთანხმებას მიაღწია“, - წერს Bloomberg.
კუშნერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, პროგრესი უკვე 30 დღეში დადაგეს.
„იმედი გვაქვს, რომ იარაღის ნაწილის გატანა დაიწყება“, - თქვა მან.
კუშნერის თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ გვირაბების ამოვსება შესაძლოა მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში დაიწყოს.
„პროგრესი შესაძლოა საკმაოდ მალე იყოს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორივე მხარის თანამშრომლობა“, - აღნიშნა მან.
კუშნერის თქმით, ნეთანიაჰუსთან იერუსალიმში გამართული შეხვედრისას, ისრაელის მხარემ გარკვეული „საფუძვლიანი შეშფოთება“ გამოთქვა.
მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციას სურს, დაეხმაროს ომის შედეგად განადგურებული ღაზის აღდგენაში.
„მაგრამ ჩვენ ღაზის აღდგენის უფლებას არ მივცემთ, ვიდრე ის დემილიტარიზებული არ იქნება. არავის სურს მეტი ფულის ჩადება ისეთ ადგილას, რომელსაც… ტერორისტები უბრალოდ ხელში ჩაიგდებენ“, - განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, აშშ ასევე არ აპირებს შეზღუდოს ისრაელის თავდაცვის უფლება რაიმე უშუალო საფრთხის შემთხვევაში,
„ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით განიარაღდება მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება აშშ-ისა და სხვა ქვეყნებისგან, რათა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, - განაცხადა კუშნერმა.
ასევე კუშნერმა აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლებთან „ძალიან მეგობრული“ შეხვედრა ჰქონდა, თუმცა, მისი თქმით, „ძალიან, ძალიან რთულია ტერორისტული ორგანიზაციის ნდობა“.
„მათ თქვეს ყველაფერი, რისი თქმაც იყო საჭირო, ამიტომ მათ მივცემთ შესაძლებლობას, თავიანთი განზრახვები საქმით დაამტკიცონ“, - დასძინა კუშნერმა.