ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისრაელი ღაზიდან ძალებს არ გაიყვანს და არც ტერიტორიის აღდგენას დაუშვებს, ვიდრე „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება. ამის შესახებ CNN წერს.
ნეთანიაჰუ და კუშნერი ასევე შეთანხმდნენ, რომ „ჰამასის“ შეიარაღების გაუქმების პროცესს ამერიკელი გენერალი უხელმძღვანელებს. ეს იქნება ანკლავის დემილიტარიზაციის პირველი ეტაპი.
„ჰამასი“ განიარაღებაზე უარს ამბობს, თუ ეს პროცესი არ იქნება დაკავშირებული ღაზაზე ისრაელის თითქმის ყოველდღიური თავდასხმების შეწყვეტასთან და ისრაელის ძალების გაყვანის დაწყებასთან. ისრაელის ჯარს ამჟამად ტერიტორიის ნახევარზე მეტი აქვს ოკუპირებული.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „მშვიდობის საბჭოს“ დირექტორი ნიკოლაი მლადენოვი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ნეთანიაჰუს ოფისის ოფიციალური განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ განიარაღებისა და სანიტარიის, სუფთა წყლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნაზე.
კიდევ ერთი ისრაელელი წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ღაზის ცეცხლის შეწყვეტის ბოლო, 15-პუნქტიან გეგმაზე პროგრესის მიღწევა პრობლემური იქნება ისრაელში მოახლოებული არჩევნების გამო.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი „ჰამასის“ მეთაურების მიზანმიმართული ლიკვიდაციის პოლიტიკას არ შეცვლის.
15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ასევე ითვალისწინებს ისრაელის ჯარების გაყვანას და ღაზის აღდგენას ახალი სამოქალაქო პალესტინური ადმინისტრაციის მართვის ქვეშ. უარყოფას წინ უსწრებდა ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ განცხადება, რომ მიღწეული იყო შეთანხმება „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების „სრულ განიარაღებაზე“.
ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე, კუშნერი კაიროში „ჰამასის“ ლიდერს შეხვდა.