თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი ეჭვი გააჩინა - ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი წერს.
„პირველი ორი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ თემაზე კითხვების დასმა არ ღირდა. სამწუხაროდ, გუშინ უკვე მესამედ თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახლა როგორ ფიქრობთ, იმ დროს დასმული კითხვები სწორი იყო თუ არა?
დღეს ეს კითხვები კიდევ უფრო აქტუალურია. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა არსებობს - ან ენერგოსისტემაზე პასუხისმგებელი ადამიანები არ არიან საკმარისად პროფესიონალები და უკვე მესამედ დაუშვეს ასეთი მასშტაბის ავარია ან ვიღაც შეგნებულად აზიანებს ქვეყნისა და მისი ეკონომიკის რეპუტაციას.
უკვე მესამედ საერთაშორისო მედია მთელ მსოფლიოს აჩვენებს ჩაბნელებულ საქართველოს, გაჩერებულ მატარებლებს, მეტროდან ფეხით გამოსულ მგზავრებს, პარალიზებულ მოძრაობას და შეფერხებებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. სამწუხაროდ, ეს უკვე მხოლოდ კომფორტის საკითხი აღარ არის. გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, გამორთული შუქნიშნების გამო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუშინდელ განმარტებას, მან კითხვებზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. თუ მართლაც ენერგოსისტემაში ტესტირება ან ტექნიკური ექსპერიმენტი ტარდებოდა, როგორ შეიძლებოდა ამის შედეგად თითქმის მთელი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილიყო? თუ ასეთი რისკი არსებობდა, რატომ არ იყო ჩართული ალტერნატიული ან სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემა? ხოლო თუ ასეთი სარეზერვო სისტემა საერთოდ არ არსებობს, ეს უკვე კიდევ ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, ხოლო თუ მსგავსი გათიშვა გარდაუვალი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ და განმარტებები მხოლოდ ფაქტის შემდეგ გაკეთდა?
ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს ამომწურავი, პროფესიონალური და დამაჯერებელი პასუხები.
საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რას დაადგენს სრულყოფილი გამოძიება და რა დასკვნები გაკეთდა“, - წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.