მამუკა მდინარაძის ადგილი არსად მოიძებნა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
„ანტიქართულმა ოცნებამ“ ისეთ დიდი ვაკხანალია მოაწყო სახელმწიფო უწყებებში, რომ ჯერ პარლამენტიდან გააძევეს მდინარაძე, შემდეგ სუს-იდან, შემდეგ თავის სახელობით შექმნილი სამინისტროდან გააძევეს ისევ. ახლა გამოუგონეს რაღაც სისულელე, ისევ მდინარაძის სამინისტრო. ივანიშვილს მართებს მძიმე პასუხისმგებლობა, რომ დღეს, საქართველოს სახელმწიფო ჩაბარებულია იმ ტიპის ადამიანებზე, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან, მათი მთელი გუნდი ჩაძირულია კორუფციაში და ეს დაადასტურა მათივე აუდიტებმა, მათივე პროკურატურამ, მათივე მურუსიძის სასამართლომ. ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც სახელმწიფო უწყებებში მოაწყო და მდინარაძეს, რომლის ადგილიც არსად მოიძებნა, საბოლოოდ, როგორც ქართულ რეალობაში აღმოჩნდება ხოლმე, ნივთს სახლში ადგილი თუ არ მოეძებნება, სოფელში რომ გაგზავნიან, ასე გაგზავნეს მდინარაძე სოფელში, რომელსაც ვერანაირი დანიშნულება ვერ მოეძებნა. ამიტომ, ძალიან ნათელია, როცა ვერ ხვდებიან, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო, უნდა ჩამოშორდნენ სახელმწიფო მართვის სადავეებს და ამაზე გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს, რომ არ გაგრძელდეს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება ყოველდღიურად“, - განაცხადა კუპრაძემ.